როგორ იშოვა ინტერნეტვარსკვლავმა ბევრი ფული, მანქანა და სახლი?

როგორ იშოვა ინტერნეტვარსკვლავმა ბევრი ფული, მანქანა და სახლი?
ეკა ყუშიტაშვილი - ეს სახელი და გვარი დღეს ლამის მთელმა საქართველომ იცის. სოციალურ ქსელებში ამ ახალგაზრდა ქალზე უამრავ რამეს წერენ, იუმორისტულ შოუებს კი მისი სახით ახალი, მსუყე თემა მიეცათ.

ეკა 24 წლის არის. ის პირადი ცხოვრების დრამებზე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში საუბრობს. ამბობს, რომ მის თავზე მხოლოდ წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ ყველანაირი გაჭირვება აქვს გამოვლილი. თბილისში რომ ჩამოვიდა, ორსული და ქმარს გაშორებული იყო. არც სახლ-კარი ჰქონდა და არც მანქანა. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ორსულობა, როგორც ამბობს, მშიერი მუცლით გაატარა. ახლა "ბეემვე იქს 5"-ზე ზის და მშენებარე სახლში ბინაც იყიდა, რომელსაც არემონტებს. ამბობს, რომ დაუღალავად შრომობდა და ამავე დროს საყვარელი მამაკაციც აფინანსებდა. ირწმუნება, რომ ცინარიძისთვის არ დაურეკავს, მის მოადგილეს გოგა ჭანტურიას კი ნამდვილად მოსთხოვა, პატრულს მისთვის ჯარიმა არ გამოეწერა.

ეკა ყუშიტაშვილი: ჩვეულებრივი, ძალიან უბრალო და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან თავმდაბალი ადამიანი ვარ. კახეთში დავიბადე. მერე რამდენიმე წელი უკრაინაში ვცხოვრობდი, რადგან ჩემი მშობლები იქ იყვნენ - დედაჩემი ნახევრად უკრაინელია, პედიატრია და იქ ბავშვთა საავადმყოფოში მუშაობდა. 6 წლის რომ ვიყავი, ჩემი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, რაც ჩემთვის დიდი ტკივილი იყო. მე და ჩემი და თელავში ჯერ მამაჩემის ბებიასთან, მერე მამაჩემის დედასთან ვიზრდებოდით. სკოლა თელავში დავამთავრე.

5 წელი დედისგან წერილიც კი არ მიგვიღია. 5 წლის მერე კი ჩამოვიდა და გვნახა. მერე გათხოვდა. მოსკოვში ცხოვრობს, ქართველს გაჰყვა ცოლად. მისი მეჯვარე ვიყავი ქორწილში. მამასთან ერთადაც არ ვცხოვრობდით, რადგან განქორწინებიდან მალევე მოიყვანა ცოლი. მერე მასაც გაშორდა და ახლა მესამე ცოლი ჰყავს.

7-8 წლის ასაკში უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებას ვეწეოდი, საჭმელსაც მე ვიმზადებდი. და ჩემზე 2 წლით უფროსია, მაგრამ, რომ იტყვიან, მხოლოდ თავისი თავის ადამიანია. მშობლები მას უფრო აქცევდნენ ყურადღებას - მისთვის უნდოდათ კარგი ტანსაცმელი, კარგი განათლება. ჩემთვის კი არავინ იყო. როგორღაც გავიზარდე. ჩემს თავზე წისქვილის ბორბალი არ დატრიალებულა, თორემ სხვა ყველაფერი გამოცდილი მაქვს.

მერე გავთხოვდი. მანამდე ჩემი და გათხოვდა. მასზე საშინლად ვეჭვიანობი. მულებთან უფრო თბილი ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე ჩემთან. კალთაში უსხდებოდნენ ერთმანეთს, ერთიმეორის გარეშე არ ჭამდნენ, არ იძინებდნენ... მე კი ეს სითბო სულ მაკლდა, სულ მარტო ვიყავი.

როცა გავთხოვდი, მაშინვე ორსულად დავრჩი. საშინელ პირობებში მიწევდა ცხოვრება. 6 თვის ორსული ვიყავი, ერთ საღამოს მუცელი რომ ამტკივდა და ქმარს ვეხვეწებოდი, ექიმთან წამიყვანე-მეთქი. მიპასუხა, ახლა გამაყუჩებელი დალიე და ხვალ მივიდეთო. ბავშვი მკვდარი დავბადე და მეც ძლივს გადავრჩი. ამის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ ისევ შევრიგდით, რადგან მამაჩემი ამბობდა, რომ სახლში განათხოვარი შვილი არ სჭირდებოდა. მალევე დავრჩი ორსულად. ერთი თვის ორსული ვიყავი, როცა მისგან წამოვედი და უკრაინაში წავედი. იქ ფრჩხილების, თმების დაგრძელება და ვიზაჟის გაკეთება შევისწავლე. საღამოობით კი რესტორანში სამზარეულოში ვმუშაობდი- ჭურჭელსაც ვრეცხავდი, კარტოფილის თუ სხვა რამის გათლაში ვეხმარებოდი და ა.შ. ღამის

3-5 საათზე 20 გრადუსიან ყინვაში ერთ კილომეტრს ფეხით გავდიოდი, რომ სახლამდე მიმეღწია. 5-6 თვე დავყავი უკრაინაში, მერე თბილისში ჩამოვედი და ბინა ვიქირავე. ნახევარი ორსულობა მშიერი მუცლით გავატარე. მთელი 9 თვე ვმუშაობდი.

24 წელი რომ ავიღოთ მთლიანობაში, არავისგან მიგრძვნია იმდენი სითბო და სიყვარული, რასაც დღეს ჩემი შვილი ერთ დღეში იღებს ჩემგან. ბავშვი რომ გავაჩინე, სალონში დავიწყე მუშაობა. უკრაინაში რაც ვიმუშავე, იმით სულ მასალა ვიყიდე, რომ აქ ჩამომეტანა. ძალიან მიჭირდა ბინის ქირის გადახდა და ბავშვის მოვლა. საბავშვო ეტლით დამყავდა სალონში და როცა საქმე მქონდა, ჩემი თანამშრომლები ართობდნენ. 2 წელი ძუძუს ვაჭმევდი, ისე გავზარდე. სამკაულებსაც ვყიდდი სალონში.

ჩემი შვილი წლის და თვეების იყო, ბაღში რომ მივიყვანე. გავრბოდი, ძუძუს ვაჭმევდი და უკან ვბრუნდებოდი. გვიანობამდე კი სალონში მყავდა. ახლა 5 წლის არის, ცისი ჰქვია. მოგვიანებით ჩემი სალონი გავხსენი, სადაც საკმაოდ დიდი "პუბლიკა" მყავდა.

"სარკე": ფრჩხილების დაგრძელებით იმხელა ფული იშოვეთ, რომ სალონის გახსნა შეძელით?
ეკა ყუშიტაშვილი: არა, ჩემმა ყოფილმა დედამთილმა მასესხა ფული. ვიქირავე ფართი, მოსწავლეებიც მყავდა, ვმუშაობდი, შემომქონდა ფრჩხილების ლაქები, სხვა საშუალებები და ვყიდდი. ბოლოს სალონი დავკეტე და სახლში ვიღებდი კლიენტებს. დღემდე სახლში ვემსახურები მათ. 5 წელია ერთი და იგივე პიროვნებები დადიან ჩემთან და მეც დავდივარ მათთან სახლში. ეს საქმე მიყვარს და მეხალისება.

"სარკე": ჯიპი, რომელზეც ახლა ზიხართ, ამ საქმით იყიდეთ?
ეკა ყუშიტაშვილი: მანქანა პირველად 3 წლის წინ ვიყიდე - "მერსედესი ცე ერ კა", - მერე ეს ჯიპი - "ბეემვე იქს 5".

"სარკე": გინდათ მითხრათ, რომ ამ ავტომობილის საყიდელი ფული ფრჩხილების დაგრძელებით იშოვეთ?
ეკა ყუშიტაშვილი: ეს მანქანა 25 ათასი დოლარი ღირს. მე არ მივეკუთვნები იმ გოგონების კატეგორიას, რომლებიც 24 საათი შარდენზე სხედან და "დაგულაობენ", არც სასმელში ვხარჯავ ფულს. დანაზოგს ყოველთვის ვაკეთებდი. ფრჩხილის დაგრძელება 100 ლარი ღირს, იქიდან 20 ლარს მასალის ფულს გადავდებდი ხოლმე, 20 ლარს - საჭმლისთვის. დანარჩენს კი ვინახავდი. ცხოვრებაში არასოდეს მითხოვია ვინმესთვის ფული, მშობლებისთვისაც კი არ გამომირთმევია. პირველად მანქანაში 11 ათასი დოლარი გადავიხადე. 5 ათასამდე მქონდა მოგროვებული, 4 ათასი მეგობარმა მამაკაცმა დამიმატა და 3 ათასი სესხად გამოვიტანე ბანკიდან, რომელიც რამდენიმე თვეში დავფარე.

მერე ეს "ბეემვე" მომინდა. გავყიდე ის მანქანა და ისევ ჩემმა შეყვარებულმა დამიმატა ფული. 10 ათასი მქონდა, 10 ათასი დამიმატა, 5 ათასი ისევ სესხი ავიღე. ეს ვალი უკვე დავფარე.

"სარკე": სახლის ყიდვა როგორ მოახერხეთ?
ეკა ყუშიტაშვილი: საკმაოდ კარგი ადამიანი და შეძლებული პიროვნება მყავს გვერდით. კი არ ვეუბნებოდი, ამდენი და ამდენი მინდა-მეთქი, დამიდებდა ხოლმე მაგიდაზე ან ანგარიშზე მირიცხავდა და იმით შევაგროვე. 6 თვე ვაგროვე ფული და 10 ათას დოლარამდე ავიდა. შევიტანე მშენებარე ბინისთვის და სულ ახლახან დავამთავრე დანარჩენი თანხის დაფარვა. დღეში ორი გოგო რომ მივიღო, უკვე 200 ლარია. გულხელდაკრეფილი კი არ ვზივარ!