"მე ცოცხლად ვიმღერე" - ამალია ჯიბლაძე და "ნიჭიერის" პროდიუსერი ბრალდებებს პასუხობენ

"მე ცოცხლად ვიმღერე" - ამალია ჯიბლაძე და "ნიჭიერის" პროდიუსერი ბრალდებებს პასუხობენ
"ნიჭიერის" კონკურსანტის ამალია ჯიბლაძის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო Ambebi.ge მომღერალ ანრი ჯოხაძეს, "ნიჭიერის" პროდიუსერ გიორგი ხაბურზანიას და თავად ამალია ჯიბლაძეს დაუკავშირდა.

ანრი ჯოხაძე:
- თავიდან არც მიფიქრია, რომ ეს იყო, პლუს ფონოგრამა. ტელევიზიით ვუყურე და ეტყობა, ამას მაინც სხვა ეფექტი აქვს. მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაშიფრა ეს ნამღერი და მეც მივაქციე ყურადღება. ვიდეოჩანაწერში ორი ხმა შემოდის, ე.წ. დაბლ ტრეკი ჩართული იყო (მიკროფონი) და რაღაც ლაფსუსის გამო გამოჩნდა, რომ იყო ფონოგრამა. შეიძლება ქალბატონი ამალია კარგად მღერის ცოცხლად, მაგრამ ეს ნომერი საწყენია, რომ ცოცხალი არ იყო. შემდგომში შეიძლება ზუსტად ასევე კარგად იმღეროს, ცოცხლად და ალბათ გვიმღერებს და დავრწმუნდებით, რომ ის ნიჭიერია. მე ხომ ვამბობ, თავიდან ისე მომეწონა, მეგონა, რომ "ნიჭიერის" გამარჯვებული უნდა ყოფილიყო.

- ე.ი. ის სცენაზე იდგა და პირს აღებდა?
- კი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო ფრაზა, როცა მისი ნამდვილი ხმა დაედო იმ ნამღერს, იქ ცოტა წკმუტუნებს. ეს ჩანაწერში კარაგად ჩანს. ეტყობა, ხმის რეჟისორმა დროზე ადრე გაუხსნა მიკროფონი. საწყენი ის კი არ არის, რომ ფონოგრამაზე იმღერა, არამედ ის, რომ ამდენი ემოცია, რომელიც ამ ქალბატონმა გულწრფელად ხალხისგან დაიმსახურა, ეს მისი მხრიდან იყო დადგმული და სიცრუე მოცემულ სიტუაციაში. ალბათ გვიმღერებს შემდეგ ტურში და დაგვიმტკიცებს, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია.

გიორგი ხაბურზანია:
- ყველა სასიმღერო კონკურსი, გამონაკლისების გარდა, ყოველთვის არის ცოცხლად ნამღერი. ყველა კონკურსანტი, ვინც კი გვყოლია, ყველას უმღერია და მღერის ცოცხლად. მათ შორის ამალიამაც იმღერა, როგორც ყველა კონკურსანტმა. ფილარმონიაში ის მინუს ფონოგრამაზე გამოვიდა, ანუ მინუს ვოკალი, რადგანაც მისი ვოკალი იყო ცოცხლად.

- აბა, რატომ არის ასეთი ამბავი ატეხილი?
- უამრავ რაღაცას წერენ ხოლმე, როცა
ადამიანი ასე ცოტა ხანში პოპულარული გახდება. რაც იწერება და ამბობენ, ყველაფერზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ფაქტი ის არის, რომ ამალიამ ცოცხლად შეასრულა სიმღერა. თუ ამას სერიოზულ ფორმას აძლევენ, სერიოზულ ფორმას მივცემთ ჩვენც, რადგანაც ეს ცილისწამებაა და ასეთი რაღაცები აღარ შეიძლება. თუ ჭორებზე ვლაპარაკობთ, ჭორები ყოველთვის იქნება.

- კი, მაგრამ ამ გამოსვლაში მომღერლებსაც შეეპარათ ეჭვი...
- ეს არ ნიშნავს იმას, რომ სწორია.

ამალია ჯიბლაძე:
- რატომ გაჩნდა ასეთი ეჭვი, რომ ცოცხლად არ გიმღერიათ, იყო თუ არა ასე?
- ფონოგრამა არ იყო. მე ცოცხლად ვიმღერე.
სტატიის ავტორი: ლალი ფაცია
სტატიის წყარო:ambebi.ge