დაუჯერებელი ფაქტები სამყაროზე

დაუჯერებელი ფაქტები სამყაროზე
● ეგზოპლანეტა ცხელი ყინულით
Gliese 436b ნეპტუნის ზომის ეგზოპლანეტაა, რომელიც 33 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს ლომის თანავარსკვლავედში. ასტრონომები თვლიან, რომ მასზე წყალი ეგზოტიკურ მდგომარეობაშია, რის გამოც პლანეტის ზედაპირი მხურვალე ყინულითაა დაფარული. ზედაპირის ექსტრემალური ტემპერატურა (300° C) წყალს უკიდურესად აცხელებს და აირად მდგომარეობაში გადასვლისკენ უბიძგებს, მაგრამ პლანეტაზე არსებული წნევა მას მყარი მდგომარეობის შენარჩუნებას აიძულებს.



● სამყაროს სუნი
მართალია, შეუძლებელია პირდაპირი გზით ან კოსმონავტის სკაფანდრით კოსმოსის სუნი შეიგრძნოთ, მაგრამ ასტრონომები ამბობენ, რომ კოსმოსური მისიებიდან დაბრუნების შემდეგ მათ აღჭურვილობას მკაფიოდ ასდის შემწვარი ხორცის, ცხელი მეტალისა და ელექტრული შედუღების (ე.წ. „სვარკა”) ბოლის სუნი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მკვდარი ვარსკვლავების ნარჩენები, კვალი, რომელსაც მთელი სამყაროს მასშტაბით შევხვდებით.



● გალაქტიკათაშორისი ალკოჰოლი
დაახლოებით 10 000 სინათლის წლის მოშორებით, არწივის თანავარსკვლავედში, მდებარეობს ალკოჰოლის ღრუბელი, რომლის დიამეტრიც მზის სისტემას 1000-ჯერ აღემატება. ამ ღრუბელში არსებული ეთილის ალკოჰოლის რაოდენობა 400 სეპტილიონ (400, რომელსაც 24 ნული მიყვება) ბოთლ სასმელს ეყოფა.



● უახლოესი მეზობელი
ანდრომედას გალაქტიკა ჩვენთან ყველაზე ახლოს – 2.5 მილიონი სინათლის წლის დისტანციაზე – მდებარე გალაქტიკური მეზობელია. მართალია, მისი ზომა 140 000 სინათლის წელიწადია, მაგრამ არაა საკმარისად კაშკაშა, რათა ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალით დავინახოთ. საკმარისად ნათელი რომ იყოს, სავსე მთვარეზე 6-ჯერ დიდ ადგილს დაიკავებდა.



● დედამიწა წნევის ქვეშ
შავი ხვრელები მაშინ ჩნდება, როცა ზოგიერთი მასიური ვარსკვლავი კოლაფსს განიცდის და მთელი მასის შეკუმშვა ხდება ძალიან პატარა სივრცეში, რომელსაც შვარცშილდის რადიუსს უწოდებენ. დედამიწის შვარცშილდის რადიუსი 9 მმ-ზე ნაკლებია და მისი ამ ზომამდე დაპატარავება რომ შეიძლებოდეს მასის შენარჩუნებით, ჩვენი პლანეტა შავ ხვრელად იქცეოდა. ხოლო ადამიანი რომ შავი ხვრელი გახდეს, საჭიროა მისი შეკუმშვა პროტონზე მცირე ზომამდე.



● ვარსკვლავური ინკუბატორი
მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავის წარმოქმნა და სიკვდილი უცებ არ ხდება, ეს პროცესი საკმაოდ ხშირია. ირმის ნახტომის გალაქტიკაში ვარსკვლავების ფორმირებასა და ზეახლებზე დაკვირვებიდან მიღებული ინფორმაციით ასტრონომებმა გამოიანგარიშეს, რომ დაკვირვებად სამყაროში ყოველდღე იბადება და კვდება 275 მილიონი ვარსკვლავი. ხოლო წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 100 მილიარდს უტოლდება.