ლაო-ძი „დაო დე ძინი“

ლაო-ძი „დაო დე ძინი“
ლაო-ძი „დაო დე ძინი“
წაიკითხოს მხოლოდ მან, ვინც სიბრძნეს ეძებს…
ლაო-ძი — ძვ.წ. VI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი, რომლის ვინაობა ზუსტად დადგენილი არ არის. თავად სიტყვა „ლაო-ძი“ ნიშნავს მოხუც ფილოსოფოსს, მასწავლებელს. ამ ადამიანზე ათასგვარი ლეგენდა დადის. ამბობენ, რომ სიცოცხლის მიწურულს მან ხარზე ამხედრებულმა დატოვა სამშობლო ჩინეთი და გადაიხვეწა. ამის შემდეგ მასზე არაფერი სმენიათ. ლაო-ძიმ კაცობრიობას დაუტოვა ფილოსოფიური თხზულება სახელად „დაო დე ძინი“. ამ თხზულებამ საფუძველი ჩაუყარა ჩინეთის რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმდინარეობას დაოსიზმს. თავდაპირველად დაოსიზმი მხოლოდ ფილოსოფიური მიმდინარეობა იყო, მაგრამ ახ.წ. მეორე საუკუნეში წარმოიშვა რელიგია რომელსაც ასევე დაოსიზმი უწოდეს.

ლაო-ძი

დაო დე ძინი

წიგნი პირველი
I

დ ა ო რომ გვეხილა:
დ ა ო არ იქნებოდა უცვლელი.
სახელი რომ გვებოძა:
სახელი არ იქნებოდა უცვლელი.

გამოუთქმელია დასაბამი:
ცისა და მიწის.
მფლობელი სახელისა:
დედაა ყოველი არსისა.

ჭეშმარიტად:
ვინცა დაიპყრა ვნებები:
იხილა დ ა ო დაფარულისა.
ვინცა დაიპყრა ვნებებმა:
იხილა დ ა ო ყოფიერებისა.

ერთია ორივეს დასაბამი.
სახელებია სხვადასხვა.
ამ დასაბამს-დაფარული ჰქვია.

დაფარული დაფარულისა:
ბჭეა ყოველივე საიდუმლოსი.

II
ოდეს შეიცნეს ცისქვეშეთში:
მშვენიერი რომ მშვენიერია:
იშვა სიმახინჯეც.
ოდეს შეიცნეს ცისქვეშეთში:
სიკეთე რომ სიკეთეა:
იშვა სიბოროტეც.
ჭეშმარიტად:
ყოფიერი და არყოფნა ერთმანეთს შობს,
მძიმე და მსუბუქი ერთმანეთს შეიქმს.
გრძელი და მოკლე ურთიერთს განწონის.
მაღალი და დაბალი ურთიერთს ფლობს.
ბგერათა შერწყმა თანხმობას იქმს.
წინმავალი და უკანმავალი ერთმანეთს მორჩილებს.

ამიტომაა:
ყოვლადბრძენი უმოქმედოა და იქმს.
ყოვლადბრძენი მდუმარეა და გვმოძღვრავს.
ამიტომ იშვის ყოველი არსი.
იშვის და ყოველგან მიმოიძვრის.
ყოვლადბრძენი არ ბატონობს მათ.

ყოველივეს შეიქმს და:
არ ეუფლება შექმნილს.
ყოველივეს აღძრავს და:
არ ეუფლება აღძრულს.
ყოველივეს სრულქმნის და:
არ ეუფლება სრულქმნილს.

აღასრულებს საქმეთ და:
არ მედიდურობს.
არ მედიდურობს და:
ყოველივე მას მორჩილებს.

III
ბრძენს ნუ სცემთ თაყვანს:
და ხალხში მოისპობა შუღლი.
ნუ განადიდებთ ძვირფას ნივთებს:
და მოისპობა პარვა კაცთა შორის.
ნუ წარმოაჩენთ სურვილთა აღსაძრავს:
და არ იბობოქრებს ხალხის გული.

ამიტომაა:
ყოვლადბრძენი ხელმწიფებს და:
ხალხს ტანს უცარიელებს.
ტანს უცარიელებს და:
ხორცს აღუვსებს.
უუძლურებს წადილს და:
უმტკიცებს ძვლებს.
ნიადაგ იმას მიელტვის:
ხალხს რომ ცოდნა და ვნებები
არ ამწუხრებდეს.
ხოლო მცოდნენი:
ვერ ბედავდნენ მოქმედებას.
უმოქმედობას სიმშვიდე მოაქვს.

ყოვლადბრძენი არ მოქმედებს.
იქმს და უმოქმედოა.
უმოქმედოა და:
ყოველი არსი მას მორჩილებს.

IV
დ ა ო ცარიელია.
ცარიალეია, მაგრამ ამოვლინებისას:
ამოულეველია.
ო, რა ღრმაა და დაფარული!
დ ა ო ა მამა ყოველი არსისა.

დ ა ო აუძრავებს მოძრაობას.
დ ა ო აწესრიგებს ქაოსს.
დ ა ო აფერმკრთალებს ბრწყინვალებას.
დ ა ო დაიკრებს მცირეთა-მცირეს.

ო, რა უწმიდესია!
დასაბამიდან მოლივლივებს და:
მარადიულია.
მე არ ვიცი-საიდან იშვა იგი.
მე ის ვიცი_
ცის მეუფებას რომ წიანუძღვის.

V
ცა და მიწა:
არ ფლობს კაცთმოყვარეობას.
ერთია მათთვის:
არსი ყოველი თუ ჩალის ძაღლი.
ყოვლადბრძენი:
არ ფლობს კაცთმოყვარეობას.
ერთია მისთვის:
კაცი თუ ქალი თუ ჩალის ძაღლი.

სივრცე ვრცეულია ცისა და მიწის:
ო, როგორ ჰგავს მჭედლის საბერველს!
იგი ცარიელია, მაგრამ ამოულეველია.
რაც უფრო სავსეა სიცარიელით:
მით მეტს მოძრაობს.
რაც მეტს მოძრაობს:
მით უფრო ივსება სიცარიელით.

ვინცა ბევრს ღაღადებს: მარცხდება.
ზომიერებაა ყოველივეს ძირი და ფუძე.

VI
უკვდავია სული უწმიდესი.
იგი მდედრია დაფარულისა.
მარადიული ბჭეა დაბადებისა.
საშო, საიდანაც იშვის:
დასაბამია ცისა და მიწის.
დაუსრულებლად იქმს და იძვრის.

დაუშრეტელია საშო შესაქმისა.

ვინცა დაეუფლება უწმიდეს სულს:
გაუკვდავდება.

VII
ცა და მიწა მარადიულნი არიან.
რად არიან ცა და მიწა მარადიულნი?
თავიანთთვის არ არსებობენ.
აი, რად არიან მარადიულნი.
ამიტომაა:
ყოვლადბრძენი ყოველივეს მორჩილია.
მორჩილია და გაწინამძრვრებული.
უარყოფს ხორცეილ ტანს და:
სოფლიურ მარადისობას ერთვის.

ნუთუ არაფერია:
ის რომ ხორციელ ტანს უარყოფს?
სწორედ ამით არის სრულქმნილი.
სრულქმნილია და მრავალჟამიერი.

VIII
უმაღლესი სათნოება წყალს ჰგავს.
წყალს წყალობა მოაქვს ყოველი არსისთვის.
წყალობა მოაქვს და:
არ თიშავს ერთმანეთისაგან.
ერთმანეთისაგან რომ არ თიშავს:
არც ებრძვის მათ.
იგი აქ ბუდობს:
სად ხორციელს არ ძალუძს ყოფნა.
ამიტომ ჰგავს დ ა ო ს.

ჭეშმარიტად:
უმაღლესი სათნოება-მორჩილებას მიელტვის.
სათნოება დუმილისა-სიღრმეს მიელტვის.
სათნოება გაცემისა-სიყვარულს მიელტვის.
სათნოება დამოძღვრისა-სიწრფელეს მიელტვის.
სათნოება ხელმწიფებისა-წესრიგს მიელტვის..
სათნოება ქმნისა-სიბრძნეს მიელტვის
სათნოება მოქმედებისა-სიმშვიდეს მიელტვის.

ყოველივე დიად თანხმობას ქმნის.
განუკითხველია:
ვინცა დიად თანხმობას ქმნის.

IX
სჯობს სულაც არაფერი ქმნა
და არს სისავსეს მიელტვოდე.
თუ რაიმე მბრწყინავს დღენიადაგ აბრწყინებ:
ფერმკრთალდება.
თუ დარბაზონი განძეულით გაქვს ავსილი:
არავის ძალუძს მისი დაცვა.
თუ მდიდარნი და დიდებულნი მედიდურობენ:
თავად იუბედურებენ თავს.

კაცი, რაჟამს საქმეს განასრულებს:
სიმარტოვეში უნდა უკუდგეს.
კაცი, საქმეს რომ აღასრულებს:
სოფლიურ უსასრულობას უნდა შეერთოს.

აი რა არის დ ა ო ბუნებით.

X
ვინცა სულსა და ხორცს ამთლიანებს:
აღწევს მთლიანობას?
სული ხომ ერთიანია და შეურევნელი.

ვინცა ავსილია უწმიდესი სულით
და ფლობს უხილველ ძალებს:
მორჩილია, ვითარცა ჩვილი.
ვინცა ავსილია უწმიდესი სულით
და ფლობს დაფარულის საიდუმლოს:
უცთომელია და ჟამგრძელი.
ვინცა სიყვარულით ხელმწიფებს:
არ მოქმედებს და იქმს ბევრს.
ვინცა იხილა ციური ბჭენი:
თვინიერია, ვითარცა მდედრი.
ვინცა შეიცნო დაფარულის აზრი:
შეუღწევადია, ვითარცა არსი.

ჰქმენ და: ირწმუნე.
ჰქმენ და:
არ დაეუფლო ქმნილს.
აღძარ და:
არ დაეუფლო აღძრულს.
იხელმწიფე და:
უარყავ ხელმწიფება.

ეს არის უმაღლესი დ ე.

XI
ოცდაათი მანა ერთ მორგვზე ბრუნავს.
მაგრამ ბორბლის არსს:
მორგვში მოქცეული სიცარიელე ქმნის.

ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ.
მაგრამ ჭურჭლის არსს:
მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.

კარ-ფანჯრებს კედლებში ჭრიან.
მაგრამ სახლის არსს:
მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის.

ჭეშმარიტადნ:
ვინცა შეიცნო ყოფიერი_
ვითარცა სავსება და ხილვადი:

მანვე შეიცნო არყოფნა-
ვითარცა სიცარიელე და უხილვადი.

XII
ხუთნაირი ფერი:
აბრმავებს თვალს.
ხუთნაირი ბგერა:
ახშობს ყურს.
ხუთნაირი გემო:
აჩლუნგებს გემოვნებას.
დოღი და ნადირობა:
აღაგზნებს გულს.
იშვიათი ნივთები:
აუბედურებს კაცს.

ამიტომაა:
ყოვლადბრძენი დაფარულს მიელტვის
და არა ხილვად მშვენიერებას.

იგი ეძიებს დაფარულს.
უარყოფს ყოფიერს.

XIII
ორივე საშიშია: დიდებაც და დაცემაც.
დიდებაც ისეთივე ტვირთია, ვითარცა ხორცი.

რას ნიშნავს:
`ორივე საშიშია: დიდებაც და დაცემაც?!”
ეს ნიშნავს:
შიშით იხვეჭენ კაცნი დიდებას
და შიშითვე კარგავენ მას.
სწორედ ამას ნიშნავს:
`ორივე საშიშია: დიდებაც და დაცემაც.~

რას ნიშნავს:
`დიდებაც ისეთივე ტვირთია, ვიტარცა ხორცი?!~

ეს ნიშნავს:
ხორცი უმძიმესი ტვირთია.
ხორცს რაჟამს დავთრგუნავთ:
დიად სიმშვიდეს დავეუფლებით.

ჭეშმარიტად:
ვინცა შიშობს ცისქვეშეთის ხელმწიფებას:
უნდა გავახელმწიფოთ ცისქვეშეთში.
ვინცა მწუხარებს ცისქვეშეთის ხელმწიფებას:
უნდა მივუბოძოთ ცისქვეშეთი.

XIV
ვუმზერ და ვერ ვხედავ:
ამიტომ ვუწოდებ უხილავს.
ვუსმენ და არ მესმის:
ამიტომ ვუწოდებ უხმოს.
ველტვი და ვერ ვწვდები:
ამიტომ ვუწოდებ დაფარულს.

აუხსნელია ამ სამთა კავშირი.
ერთიანია ამ სამთა კავშირი.

მისი ზე არ არის გასხივოსნებული.
მისი ქვე არ არის გაწყვდიადებული.
იგი დაუსაბამოა.
დაუსაბამოა და:
არავინ უწყის სახელი მისი.
იგი კვლავ არყოფნას უბრუნდება.

იგი ის არის, რასაც ჰქვია:
სახე არასახიერისა.
ხატი არახატიერისა.
იგი ის არის, რასაც ჰქვია:
აუხსნელი და გაუცხადებელი.
მარადიული საშო სამყაროსი.
მივეახლები და:
ვერ ვჭვრეტ მის სახებას.
მწინამძღვრობს და:
ვერ ვჭვრეტ მის საროსტანს.

შეუდექ უხსოვარ დ ა ო ს და:
დაეუფლები ამჟამინდელ ყოფიერებას.
შეუდექ უსხოვარ დ ა ო ს და:
შეიცნობ უხსოვარ დასაბამს.

აი ეს არის დ ა ო ს არსი.

XV
ძველად, ვინცა მეუფებდა ხალხს:
იყო სათნო და ყოვლისმხილველი.
ფლობდნენ:
ყოველივე უმცირესს.
ყოველივე იდუმალს.
ყოველივე შეუღწევადს.
იყვნენ დაფარულნი და მიუწვდომელნი:
არავის ძალუძდა წვდომა მათი.
დიადი იყო გარესახე მათი:
არავის ზალუძდა დაუფლება მათი.
უკეთი დაფარულნი იყვნენ:
ნებისად აღვწერ მათ.
ისინი იყვნენ მოშიშნი:
ვითარცა მავალნი ზამთრისას ნიაღვარში.
ისინი იყვნენ მერყევნი:
ვითარცა დამფრთხალნი ახლომდგომნთაგან.
ისინი იყვნენ თავაზიანნი:
ვითარცა წვეულნი უცხოდ.
ისინი იყვნენ ფრთხილნი:
ვითარცა მავალნი მოლიპულ ყინულზე.
ისინი იყვნენ უბრალონი:
გაურანდავი ხის დარად.
ისინი იყვნენ ვრცეულნი:
ვრცეულ მინდორთა დარად.
ისინი იყვნენ განუჭვრეტელნი:
მღვრიე წლის დარად.
ვის ძალუძს:
შეჩერება და ცხადქმნა მათი?
ვის ძალუძს:
დამშვიდება და გაჟამგრძელება მათი?
ისინი დ ა ო ს მორჩილებდნენ.
მორჩილებდნენ დ ა ო ს და:
კმარობდნენ მცირედს.
კმარობდნენ მცირედ და:
სისავსეს არ მიელტვოდნენ.
სისავსეს არ მიელტვოდნენ და:
განახლება არ სურდათ
განახლება არ სურდათ და:
კმარობდნენ ძველს.
კმარობდნენ ძველს და:
იყვნენ სრულმქნილნი.

XVI
ვინცა აღივსო სიცარიელით:
აღივსო უდიადესი სიმშვიდით.
ყოველი არსი მშვიდად იშვის.
მშვიდად შეერთვის თავის დასაბამს.
ვინცა აღივსო უდიადესი სიმშვიდით:
აღივსო სიცარიელეში არსთა წრებრუნვით.

ვინცა იხილა_
არსთა დიდი ნაირგვარობა:
მანვე იხილა_
დასაბამში მათი დაბრუნება.

დასაბამში დაბრუნებას-სიმშვიდე ჰქვია.
სიმშვიდეს-არსში დაბრუნება ჰქვია.
არსში დაბრუნებას-მარადისობა ჰქვია.

ვინცა შეიცნო მარადისობა:
გასხივოსნდა.
ვინცა შეიცნო მარადისობა:
გაწყვიადდა.

მარადისობის შეცნობა:
წესრიგია და სიკეთე.
მარადისობის შეუცნობლობა:
უწესრიგობა და უკეთურობა.

მარადისობის შემცნობი:
უწმიდეს სულს ფლობს.
უწმიდესი სულის მფლობელი:
სამართლიანობას ფლობს.
სამართლიანობის მფლობელს:
ხელმწიფება ხელეწიფება.

გახელმწიფებული-ცას ეზიარა.
ცას ზიარებული_დ ა ო ს ეზიარა.

დ ა ო უხსოვარია და მარადიული.
დ ა ო ს მფლობელი მრავალჟამიერია:
გვამი იხრწნება, სული_უკვდავია.

XVII
კეთილია ხელმწიფე:
ვინცა დუმს და არას ითხოვს ხალ;ხისგან.
უკეთურია ხელმწიფე:
ვინცა სიყვარულსა და დიდებას მოითხოვს ხალხისგან.
შლეგია ხელმწიფე:
ვის წინაშეც ძრწის ხალხი.
გულბოროტია ხელმწიფე:
ვინცა ეზიზღებათ.

ჭეშმარიტად:
ვისაც არა სწმას, არც ის სწამთ.
ურწმუნობაა ძირი ურწმუნობისა.

ო, რა გვიანია სიტყვა:
ბრძნული და დაუნჯებული!

ვინცა დაიუნჯა და დაითმინა:
ღირსებით აღასრულა საქმე.
ვინცა ღირსებით აღასრულა საქმე:
მისი სწამთ და ამბობენ:
ბუნებითობას მორჩილებსო.

XVIII
ოდეს უარყვეს დიადი დ ა ო :
`კაცთმოყვარეობა~ და `სამართლიანობა~ იშვა.
ოდეს ცრუბრძნობა გამეფდა:
პირმოთნეობა იშვა.

ოდეს ექვს ნათესავს შორის განხეთქილებაა:
მაშინ იშვის_
`ძეთა მოწიწება~ და `მამური სიყვარული~.

ოდეს სახელმწიფოში უწესრიგობა სუფევს:
მაშინ აღზევდებიან `ერთგული მსახურნი~.

XIX
აღიკვეთეთ ცრუბრძნობა და ცრუმეტყველება
და ასგზის ბედნიერი იქნება ხალხი.
აღიკვეთეთ `კაცთმოყვარეობა~ და `სამართლიანობა~
და აღსდგება ძეთა მოწიწება და მამური სიყვარული.
აღიკვეთეთ ცბიერება და სიხარბე
და აღიკვეთება ქურდობაც და ავაზაკობაც.
სამივე ცოდნის უკმარობით წარმოდგება.
ჭეშმარიტად:
მხოლოდ ის ეზიარა მარადიულს:
ვინცა გაიბუნება სიწმიდე და უბრალოება.
ვინცა შეიზღუდა სურვილები და დიცხრო ვნებები.
ვინცა უარყო ცრუბრძნობა და ცრუმეტყველება.

XX
ოდეს ცრუმეტყველება მოისპობა:
დიადი სიმშვიდე დაისადგურებს.
ო, რა მცირეა სხვაობა:
ჰოსა და არას შორის.
და რა დიადია სხვაობა:
კეთილსა და ბოროტს შორის.
რასაც ხალხი ეთაყვანება:
შენც მას უნდა ეთაყვანო.
ო, რა უკაცრიელობაა!
ო, რა გაუღწევლობაა!
ჯერაც არ დამყარებულა დიადი თანხმობა.
ყველა ხარობს, საზეიმოდ წვეულან თითქო.
გაზაფხულის მოახლებას ზეიმობენ თითქო.
მე უბრალო ვარ.
მე ერთი ვარ მშვიდად და უჩინრად.
მე არვინ მიხმობს.
მე ყრმას ვგავარ:
ვინცა ჯერაც არ მოვლენილა.
ო, დამაშვრალო უალაგოვ!
სად არს ალაგი განსასვენები!

ყველა სიმდიდრით ავსილა:
მე ერთი ვფლობ სიცარიელეს.
ყველა საითკენმე მიიჩქარის:
მე ერთი ვგავარ ყოვლის უარმყოფელს.
ყველა ბრწყინავს და გამოჩინებულია:
მე ერთი ვარ ტანი სულელისა.
ო, რა ცარიელია იგი!
ყველა სინათლით ავსილა:
მე ერთი ვგავარ გაწყვდიადებულს.
ყველა სიხარულით ავსილა:
მხოლოდ მე ვარ მოშიში.
ყველას ცნობისწადილი კლავს:
ჩემთვის სულერთია ყველაფერი.

მე ზღვას ვგავარ:
უწიაღოს და ჩაჟამებულს.
მე ვსრბი სოფლიურ სივრცეში:
უსასთუმლო და უნავსაყუდლო.
ყველა თავის სარგებელს ეძიებს:
მე ერთი ვგავარ ბრიყვსა და უგვანს.

მხოლოდ მე ვარ:
ყველასგან განსხვავებული.
მე ვმორჩილებ:
დ ა ო ს დასაბამს.

XXI
დიადი დ ე დ ა ო დ ა ნ ამოვლინდება.
დ ა ო უსახიერია და აუხსნელი!
ო, უსახიეროვ და აუხსნელო!
ძალმიძს მივწვდე სახიერებას შენსას.

დ ა ო უარსებოა და გარსმოუცველი.
ო, უარსებოვ და გარსმოუცველო!
ძალმიძს მივწვდე არსებას შენსას.

დ ა ო უძიროა და წყვდიადოვანი:
მაგრამ უამღლესი ყოფიერებაა.
იგი უმაღლეს უმხდარობას ფლობს.

უხსოვრობიდან მეუფებს სახელი მისი.
ყოველი არსიც მისით იშვის.

ვით შევიცნობ არსთა დასაბამს?
მხოლოდ და მხოლოდ მისი წყალობით.

XXII
ძველად ამბობდნენ:
`არასრულქმნილი_გასრულქმნილდება.
დაქუცმაცებული_გამთლიანდება.
მრუდი_განიმართება.
აღუვსებელი-აღივსება.
ძველი_ღანახლდება.
ვინცა მცირედს მიელტვის:
ბევრს მოიხვეჭს.
ვინცა ბევრს მიელტვის:
მცირედსაც დაკარგავს.~

ყოვლადბრძენი სრულქმნილია და ხატია ცისქვეშეთის.
იგი არ კმარობს მხოლოდ თავის მხილველობას:
ამიტომ ნათობს კაცთა შორის.
მხოლოდ თავის თავს არ თვლის სამართლიანად:
ამიტომ ფლობს ჭეშმარიტებას.
არ დიდკაცობს: ამიტომ ადიდებენ.
განდიდებას არ მიელტვის:
ამიტომ მოძღვრობს კაცთა შორის.
არ მძლავრობს და უძლეველია ცისქვეშეთში.

წინაპართა თქმული:
`არასრულმქნილი_გასრულქმნილდება,
მრუდი-განიმართება~;
განა ფუჭი სიტყვებია?
იგი ნამდვილად მიუძღცვის კაცს:
ჭეშმარიტი სრულქმნისაკენ.

XXIII
დადუმდი და დამორჩილდი ბუნებითობას.
დუმილი შეიქმს ქვეყნად ტანხმობას.

მძლავრი ქარი ვერ იბობოქრებს სამხრამდე.
თავსხმა წვიმა ვერ გასტანს მწუხრამდე.
ვინ იქმს ყოველივე ამას?!
ცა და მიწა.

ხომ უწყით:
ცასა და მიწასაც არ ძალუძთ_
რაიმეთა გაჟამგრძელება, არათუ კაცს.
ამიტომ მორჩილებს დ ა ო ს.

ვინცა მორჩილებს დ ა ო ს:
დ ა ო ს თანაარსია.
ვინცა მორჩილებს დ ე ს:
დ ე ს თანაარსია.
ვინცა მორჩილებს წარმავალს:
წარმავლის თანაარსია.
ვინცა დ ა ო ს თანაარსია:
დ ა ო ს დაეუფლება.
ვინცა დ ე ს თანაარსია:L
დ ე ს დაეუფლება.
ვინცა წარმავლის თანაარსია:
წარმავალს დაეუფლება.
ჭეშმარიტად:
ვინცა ურწმუნოა:
ურწმუნობას დაეუფლება.

XXIV
ცერებზე აწეულს:
არ ძალუძს დიდხანს დგომა.
სწრაფად მავალს:
არ ძალუძს დიდხანს სვლა.

ვინცა ფიქრობს, ყოველივე ვუწყიო:
არა უწყის რა.
ვინცა დიდებას მიელტვის:
ვერ ეღირსება დიდებას.
ვინცა განდიდებას მიელტვის:
ვერ გაწინამძღვრდება.

თუ დ ა ო ს დავიმოძღვავთ:
ყოველივე ეს_ფუჭია და ამაოება.
ასეთნი სძაგს ყოველ არსს.

ამიტომაა:
ამას არა იქმს ის:
ვინცა დაუფლა დ ა ო ს.

XXV
აი არსება:
გარსმოუცველი, ქაოსში ამოვლენილი!
აი არსება:
ცისა და მიწის უადრეს შობილი!

ო, მდუმარეო! ო, არასახიერო!
მარტომყოფია და უმოძრაო.
ყოველგან მიმოიძვრის და უსამზღვროა.
იგი დედაა სამყაროსი.

მე არ ვუწყი სახელი მისი:
გარეშემოვწერ და დ ა ო ს ვარქმევ.
უკეთუ დ ა ო ს ვარქმევ:
დ ი ა დ ს ა ც ვაქრმევ.

დ ა ო დ ი ა დ ი ა.

ს ი დ ი ა დ ე _ სიშორეში გაღწევაა.
სიშორეში გაღწევა_უსასრულოში გარდაცვლაა.
უსასრულოში გარდაცვლა_დასაბამში დაბრუნებაა.

ჭეშმარიტად:
დ ა ო_დიადია.
ც ა _დიადია.
მიწა_დიადია.
ხელმწიფეც_დიადია.

სამყაროში ოთხი დიადია:
მათ შორის_ხელმწიფეც.

კაცი მიწის კანონს მორჩილებს.
მიწა ცის კანონს მორჩილებს.
ც ა დ ა ო ს კანონს მორჩილებს.
დ ა ო_დ ა ო ს კანონს მორჩილებს.

XXVI
მძიმეა საფუძველი მსუბუქისა.
უძრაობაა საფუძველი ძრაობისა.

ამიტომაა:
ყოვლადბრძენი _ შეუსვენებლად მავალი:
ნიადაგ თან ახლავს უმძიმეს ეტლს.
არ აკლია დიდება და ბწრყინვალება:
მაგრამ არ ინთქმება დიდებაში.
მან უწყის წარმომავლობა სოფლისა.
ხოლო მეუფე ათი ათასი ეტლისა_
მედიდური და გვირგვინმოსილი:
რად მრისხანებს!?
მოუთმენლად რად უმზერს ქვეყნიერებას!?
მრისხანება ამსხვრევს მის საფუძველს.
ხოლო მოუთმენლობით_მეუფებას კარგავს.

XXVII
ვინცა ნაწრთობია სვლაში:
კვალს არ ტოვებს.
ვინცა ნაწრთობია მჭევრმეტყველებაში:
დუმს.
ვინცა ნაწრთობია თვლაში:
არ ცდება.
ვინცა ჩარაზვა უწყის:
ურდულს არ ხმარობს.
მაგრამ რაზავს ისე:
გაღება მისი შეუძლებელია.
ვინცა გაკვანძა უწყის:
ბაწარს არ ხმარობს.
მაგრამ კვანძავს ისე:
გამოხსნა მისი შეუძლებელია.
ამიტომაა:
ყოვლადბრძენი მფარველია და თანამლმობელი ხალხისა:
ხალხი ამიტომ არ არის უთვისტომოდ.
ყოვლადბრძენი მფარველია და მხსნელი ყოველი არსისა:
ყოვლადბრძენი ამიტომ არ არის უთვისტომოდ.
ამას ჰქვია უმაღლესი გასხივოსნება.
ჭეშმარიტად:
კეთილი_მოძღვარია უკეთურთა.
უკეთური_საფუძველია კეთილთა.
უკეთუ უკეთურნი_
არ ეთაყვანებიან მოძღვარს
და მოძღვარი_
უარყოფს საფუძველს:
თუმც მცოდნენ მოაქვთ თავი_
უმეცრებაში ჩანთქმულან.

ამას ჰქვია უმაღლესი სიბრძნე.

XXVIII
ვინცა შეიცნო მამრობა თვისი:
მანვე შეიცნო მდედრობა თვისი.
იგი ველია სამყაროსი.
ვინცა ველია სამყაროსი.
მარადიულ დ ე ს ეუფლება.
და ჩვილის მდგომარეობას უბრუნდება.

ვინცა შეიცნო ნათელი თვისი:
მანვე შეიცნო წყვდიადი თვისი.
იგი ხატია სამყაროსი.
ვინცა ხატია სამყაროსი:
მარადიულ დ ე ს ეუფლება
და პირველდასაბამს უბრუნდება.

ვინცა შეიცნო სიდიადე თვისი:
მანვე შეიცნო სიმცირე თვისი.
იგი შესაკრებელია სამყაროსი.
ვინცა შესაკრებელია სამყაროსი:
უმაღლეს დ ე ს ეუფლება
და ბუნებითობას უბრუნდება.

უკეთუ ბუნებითობა აღიგვება:
საიდუმლო ჭურჭლად გარდიცვლება.
ყოვლადბრძენი მისი წყალობით გაწინამძღვრდება.
გაწინამძღვრდება და:
დიადი თანხმობა არ დაირღვევა.

XXIX
ვინცა მძლავრობით ეუფლება სამყაროს:
აქედანვევჭვრეტ_ვერ მიაღწევს საწადელს.
სამყარო საიდუმლო ჭურჭელს ჰგავს:
შეხება მისი არ ეგების.
ვინცა შეეხება:
ხელყოფს მის თანხმობას.
ვინცა დაეუფლება:
დაკარგავს მას.

ჭეშმარიტად:
ყოველი არსი ცვალებადია:
ზოგი წინ მიდის, ზოგი უკან.
ზოგი თბილია, ზოგი ცივი.
ზოგი ძლიერია, ზოგი სუსტი.
ზოგი ყვავილობს, ზოგი ჭკნება.
ზოგი სრბის, ზოგი დგას.

ამიტომაა:
ყოვლადბრძენი უარყოფს განდიდებას.
ყოვლადბრძენი უარყოფს ფუფუნებას.
ყოვალდბრძენი უარყოფს ბრწყინვალებას.

XXX
ვინცა დ ა ო ს მორჩილებით ხელმწიფებს:
არ იპყრობს ლაშქრით ქვეყნებს.
მან უწყის:
რასაც მიაგებ, იმასვე მოგაგებენ.
სად ლაშქარს გაუვლია.
იქ ძეძვ-ეკალს გადაუვლია:
სად ომები ამტყდარა:
იქ შიმშილობის წლები დამდგარა.

ჭეშმარიტად:
ქველი მხედართმთავარი იმარჯვებს და ჩერდება.
იმარჯვებს და არ მძლავრობს.
იმარჯვებს და არ მედიდურობს.
იმარჯვებს და არ იმონებს.
იმარჯვებს და არ ქედმაღლობს.
იმარჯვებს_ოდეს აიძულებენ საომრად.
იმარჯვებს_მაგრამ არ არის მზვაობარი.

ოდეს არსება უმაღლეს ძლიერებას აღწევს:
სუსტდება და ზრწნა ეუფლება.
იგი არ მორჩილებს დ ა ო ს .

ვინცა არ მორჩილებს დ ა ო ს:
ხანმოკლეა მისი არსებობა.

XXXI
აღჭურვილ ლაშქარს უბედურება მოაქვს.
ყოველ არსებას სძაგს იგი.

ამიტომაა:
ვინცა დ ა ო ს მორჩილებს:
არ ლაშქრობს.
ვინცა დ ა ო ს მორჩილებს:
მშვიდია და ჩრდილში დგას.
ვინცა დ ა ო ს არ მორჩილებს:
ლაშქრობს და დიდებას მიელტვის.

ლაშქარი_უბედურების წყაროა.
ქველი მხედართმთავარი არ ლაშქრობს.
ლაშქრობს მხოლოდ მაშინ:
ოდეს საომრად აიძულებენ.
მშვიდობა და სიქველე:
აი მისი უზენაესი საფუძველი.
იგი ჭმუნავს გამარჯვების ჟამს.

ვინცა ზეიმობს გამარჯვებას:
ზეიმობს კაცთა კვლას.
ვინცა ზეიმობს კაცთა კვლას:
ვერ ეღირსება ქვეყნად სიკეთეს.
მშვიდობის დროს იმას მიაგებენ პატივს:
ვინცა ჩრდილს მიელტვის.
ომის დროს იმას მიაგებენ პატივს:
ვინცა დიდებას მიელტვის.

მხედართმთავარი ჩრდილში განმდგარა.
გამარჯვებას_ხელმწიფე ზეიმობს.
მხედართმთავარი მწუხრს გარემოუცავს:
გვამთა ზეიმს ყურობდეს თითქო.

ტირილი გვმართებს კაცთა კვლის ჟამს.
მჭმუნვარება გვმართებს გამარჯვების ჟამს.
გლოვა გვმართებს გვამთა ზეიმის ჟამს.

XXXII
დ ა ო მარადიულია და გამოუთქმელი.
თუმცა უჩინოა და არარა:
არაფერს ძალუძს დამორჩილება მისი.
თუ დ ა ო ს დაიმოძღვრენ მეფენი და დიდებულნი:
ყოველი არსი თავად მოიპოვებს სიმშვიდეს.
ცა და მიწა მწყობრად შეირწყმის
და ცის ნამი მიწას მოეფინება.
ქვეყნად ბედნიერება და კეთილდღეობა გამეფდება.
ხალხი ბრძანების გარეშე დამშვიდდება.

ოდეს დიადი წესრიგი დამყარდა:
ყოველს თავისი სახელი ეწოდა.
სახელთა დასაზღვრეს საგანთა საზღვრები.
ვინცა შედგა და შეიცნო საგანთა საზღვრები:
საფრთხისაგან დაიხსნა თავი.

დ ა ო ს ყოფიერთ გარწერილობა:
ტბას ჰგავს და ზღვას.
მას შეერთვიან მდინარენი დაუსრულებლად.
დ ა ო განფენილია სამყაროში.
ყოველი არსი მას შეერთვის:
ვითარცა მდინარენი_ტბებსა და ზღვებს.

XXXIII
ვინცა სხვათა შემცნობია:
განმჭვრეტელია.
ვინცა თავისი თავის შემცნობია:
გასხივოსნებულია.
ვინცა სხვათა მძლეველია:
ძლიერია.
ვინცა თავისი თავის მძლეველია:
მძლეთამძლეა.
ვინცა გარეყოფიერს მიელტვის:
ვნებააშლილია.
ვინცა არყოფნას უჭვრეტს:
სრულქმნილია.
ვინცა საკუთარ გარწერილობას ფლობს:
მრავალჟამიერია.
ვინცა წარუვალში გარდაიცვალა:
მარადიულია.

XXXIV
დიადი დ ა ო ყოველგან განფენილა:
არის აქეთაც, არის იქითაც.
არის ზევითაც, არის ქვევითაც.
არის აქაც, არის იქაც.

მისი წყალობით იშვის არსი ყოველი.
მისი მადლით ცოცხლობს მარად ყოველი.
დიადია ღვაწლი მისი.
დიადია და არ დიადობს.

ყოველ არსს სიყვარულით გარემოიცავს.
გარემოიცავს და არ მეუფებს მათ.

უვნებოა და:
ამიტომ უწოდებენ არარას.
მცირეა და:
შესაკრებელია მცირე-მცირეთა.
ყოველი არსი მას შეერთვის და:
არ მეუფებს მათ.
ამიტომ უწოდებენ დ ი ა დ ს.
არ დიადობს და:
ამიტომ არის დ ი ა დ ი.

ყოვლადბრძენიც არ დიადობს.
დიად საქმეებს იქმს და:
არ დიადობს.
არ დიადობს და:
ამიტომ არის დ ი ა დ ი.

XXXV
ვინცა შეიცნო დიადი პირველგარწერილობა:
მთელმა ცისქვეშეთმა გაიწინამძღვრა.
გაიწინამძღვრა და მწუხარებას განერიდა.
განერიდა მწუხარებას და მოიპოვა სიმშვიდე.
მოიპოვა სიმშვიდე და მშვიდობა.
დაეუფლა ერთიანობა და ზესოფლიური თანხმობა.

ჭეშმარიტად:
ოდეს უზედაესი და უქვედაესი გაერთსოფლიურდება:
მოხეტიალეც კი მოწიწებით მასთან შედგება.
ოდეს დ ა ო ს ბაგეთაგან აღმოთქვენ:
გაუფერულდება და გაუგემურდება.

ვინცა დ ა ო ს ხილულ უმზერს:
მისთვის ჰანუჭვრეტელია იგი.
ვინცა დ ა ო ს ბგერით უსმენს:
მისთვის დახშულია იგი.
ვინცა დ ა ო ს მოისახმარისებს:
მისთვის მიუწვდომელია იგი.

XXXVI
რაიმე რომ შევკუმშოთ:
ჯერ უნდა გავაფართოვოთ.
რაიმე რომ დავასუსტოთ:
ჯერ უნდა გავაძლიეროთ.
რაიმე რომ მოვსპოთ:
ჯერ უნდა აღმოვაცენოთ.
რაიმე რომ მოვიმკათ:
ჯერ უნდა გავცეთ.

ამას ჰქვია უმაღლესი სიბრძნე.

რბილი სძლევს მაგარს.
სუსტი სძლევს ძლიერს.

თევზს არ ძალუძს დასტოვოს წიაღი.
ხალხმაც არ უნდა უწოდეს:
დაფარული კანონები ხელმწიფებისა.

XXXVII
დ ა ო მარად უმოქმედოა.
მაგრამ ისეთი რაა:
იგი არ იქმოდეს.

უკეთუ მეფენი და დიდებულნი დაემოძღვრნენ:
ყოველი არსი თავისთავად სახეიცვლება.
ხოლო თუ სახეცვლილნი მოქმედებად აღიძვრიან:
უსახიერი გარწერილობით შევაჩერებ მათ მოქმედებას.
უსახიერ გარწერილობას არა აქვს ვნებები.

ვნებათა უარყოფას სიმშვიდე მოაქვს.
სიმშვიდე კი_სამყაროს თანხმიერებას შეიქმს.

წიგნი მეორე
XXXVIII

ვინცა უამღლეს დ ე ს ფლობს:
დ ე ს შესახებ არაფერი უწყის.
ამიტომ ფლობს უმაღლეს დ ე ს.
ვინცა უდაბლეს დ ე ს ფლობს:
მუდამ ახსოვს_დ ე ს რომ ფლობს.
ამიტომ ფლობს უდაბლეს დ ე ს.

ვინცა უმაღლეს დ ე ს ფლობს:
არ მოქმედებს.
უქმობს და ამიტომ არ მოქმედებს.
ვინცა უდაბლეს დ ე ს ფლობს:
მოქმედებს.
არ უქმობს და ამიტომ მოქმედებს.

ვინცა უმაღლეს კაცთმოყვარეობას ფლობს:
უქმობს და ასე მოქმედებს.
მოქმედებს და თავად უმიზეზოა და უჩინარი.
ვინცა უმაღლეს სამართლიანობას მიელტვის:
მოქმედებს.
მოქმედებს და პატივ-დიდებას მიელტვის.

ვინცა უმაღლეს თაყვანისცემას მიელტვის:
მოქმედებს.
მოქმედებს და ამიტომ არ თანაუგრძნობენ:
ხოლო თუ არ თანაუგრძნობენ.
თავად აიძულებს ყოველს სათაყვანოდ.

ჭეშმარიტად:
ვინცა დ ა ო ს კარგავს:
დ ე ს იძენს.
ვინცა დ ე ს კარგავს:
კაცთმოყვარეობას იძენს.
ვინცა კაცთმოყვარეობას კარგავს:
სამართლიანობას იძენს.
ვინცა სამართლიანობას კარგავს:
თაყვანისცემას იძენს.

თაყვანისცემა შედეგია:
რწმენისა და ერთგულების დაცემისა.
დიადი თანხმობის დამხობისა.
შეცნობა გარეყოფიერისა:
დ ა ო ს წარმავალი ყვავილობაა.
წარმავლობაა და დასაბამი უმეცრებისა.

ამიტომაა:
ყოვლადბრძენი არსისმიერს დაიუფლებს:
და უკუჰყრის გარეგანს.
მოისთვლის ნაყოფს ყვავილობისა:
და უკუჰყრის ყვავილს.
დაეუფლება არსს და უარჰყოფს გვამს.

XXXIX
დასაბამითვე ერთიანობით მოცულა ყოველი:
ერთიანობამ მიუბოძა ცას სიწმიდე.
ერთიანობამ მიუბოძამიწას სიმშვიდე.
ერთიანობამ მიუბოძა სულს სილბო.
ერთიანობამ მიუბოძა ტბას სისავსე.
ერთიანობამ მიუბოძა ყოველ არსს სიცოცხლე.
ხელმწიფები და წინამძღვარნი ერთიანობით არიან:
ცისქვეშეთის მეუფენი და მოძღვარნი.

ერთიანობა იქმს ყოველივე ამას.
ცისთვის რომ სიწმიდე არ ებოძებინა:
ჩამოიქცეოდა.
მისითვის რომ სიმშვიდე არ ებოძებინა:
დაიშლებოდა.
სულისთვის რომ სილბო არ ებოძებინა:
შთაინთქებოდა.
ტბისთვის რომ სისავსე არ ებოძებინა:
დაიშრიტებოდა.
ყოველი არსებისთვის რომ სიცოცხლე არ ებოძებინა:
გაუდაბურდებოდა.
ხელმწიფენი და წინამძღვარნი რომ
არ გამეუფებულიყვნენ და არ გამოძღვრებულიყვნენ:
დაემხობოდნენ.

ჭეშმარიტად:
უჩინონი-საფუძველია ჩინებულთა.
ხოლო მდაბიონი_დიდებულთა.
ხელმწიფენი და წინამძღვარნი
ამიტომ უწოდებენ თავიანთ თავს:
`მიუსაფარს~, `ობოლს~, `უბედურს~.
ეს იმას, რომ ისინი:
მდაბიოთ აღიარებენ თავიანთ საფუძვლად.

ჭეშმარიტად:
ბორბალი რომ დავშალოთ:
მისგან არაფერი დარჩება.

ნუ იბრწყინებ, ვითარცა ბრილიანტი.
იყავ უბრალო, ვი