როგორ დავაღწიე თავი პოდაგრით გამოწვეულ აუტანელ ტკივილს

როგორ დავაღწიე თავი პოდაგრით  გამოწვეულ  აუტანელ ტკივილს
გახლავართ პენსიონერი მამაკაცი. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ მთელს რედაქციას, საინტერესო რჩევებისთვის და მოგიყვეთ, როგორ დავაღწიე თავი პოდაგრით გამოწვეულ აუტანელ ტკივილს. რამდენიმე წლის წინ ცერა თითი გამისივდა, გამიწითლდა და აუტანლად ამტკივდა. ერთ ღამეს ტკივილმა გამაღვიძა. ისე ცუდად გავხდი, სასწრაფო დახმარება დამჭირდა. ექიმმა - პოდაგრა უნდა იყოს, რევმატოლოგის პაციენტი ხარო, მითხრა. მივმართე რევმატოლოგს, დამინიშნა მკურნალობა. რა და როგორი, მკითხველისთვის არ იქნება საინტერესო, რადგან ამ დროს ყოველთვის ერთი და იგივე წამლები ინიშნება. საინტერესო ის არის, რომ ექიმმა ფეხზე წასასმელი საშუალებაც მასწავლა, რომელიც ტკივილის თვალის დახამხამებაში მიყუჩებდა. მინდა სწორედ ამ საშუალების რეცეპტი შემოგთავაზოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, მარტო ის ვერ გიშველით, ექიმის დანიშნულება აუცილებლად უნდა შეასრულოთ, დიეტაც დაიცავით, კერძოდ, ერიდეთ ხორცს, თევზს, მათ ნახარშს, შაშხს, კონსერვებს, შოკოლადს, ლობიოს, ბარდას, მჟაუნას. არც ალკოჰოლი შეიძლება. სამაგიეროდ, კარგია რძე და რძის ნაწარმი, მოხარშული ბოსტნეული, ხილი, ბრინჯი. შეიძლება ცოტა კვერცხიც. აუცილებელია დიდი ოდენობით სითხის მიღება. ახლა კი რეცეპტი:

დაგჭირდებათ:
  • ოდეკოლონი
  • ვალერიანი წვეთები
  • 5%-იანი იოდის ხსნარი
  • 6 ტაბლეტი ანალგინი

მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ ცოტა ოდეკოლონი, დაუმატეთ იმავე ოდენობის ვალერიანის წვეთები, 5%-იანი იოდის ხსნარი და ანალგინი (კარგად დაფქული ან დანაყილი). კარგად აურიეთ, ხოლო გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. დაიზილეთ ამ ხსნარით მტკივანი თითი და შალით შეიხვიეთ. ასე ვიკეთებდი ყოველ საღამოს, სანამ ტკივილმა და შესიებამ არ გამიარა.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი