მე სილამაზის ჩემეული რეცეპტები მაქვს, რომელსაც აქტიურად ვიყენებ

მე  სილამაზის ჩემეული  რეცეპტები მაქვს, რომელსაც აქტიურად ვიყენებ
დიდ კოსმეტოლოგობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ მცირე ცოდნა და გამოცდილება ბებიამაც გადმომცა და თავადაც დავაგროვე. დღეს კოსმეტიკური საშუალებებით ვერავის გააკვირვებ... კანის მოვლას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, ამიტომ სახეზე ისეთ რამეს ვერ წავისვამ, რის შემადგენლობაზეც არაფერი ვიცი. მე სილამაზის ჩემეული რეცეპტები მაქვს, რომლებსაც აქტიურად ვიყენებ. მინდა, თქვენს მკითხველს ხილის ლოსიონის რეცეპტი ვასწავლო. დარწმუნებული ვარ, ზაფხულში სიამოვნებით მოამზადებენ და წარმატებითაც მოიხმარენ.
  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი მარწყვი, 1 სუფრის კოვზი ჟოლო და 1 სუფრის კოვზი შავი მოცხარი, აურიეთ ერთმანეთში და დაასხით 300 გრამი არაყი. 10 დღით ბნელ, გრილ ადგილას დადგით, შემდეგ გადაწურეთ და სახის გასაწმენდად გამოიყენეთ. გამოდგება როგორც ნორმალური, ასევე ცხიმიანი კანისთვის. გამოყენების წინ შეიძლება ანადუღარი წყლით განვაზაოთ. მშრალი კანის პატრონებს კი მის გამოყენებას არ ვურჩევ, რადგან სახის კანს აშრობს.

    ლოსიონი ნებისმიერი ტიპის კანისთვის
  • გვირილისა და ფარსმანდუკის ყვავილების (1:3) ერთ სუფრის კოვზ ნარვეს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ მთელი ღამე, დილით კი გაფილტრეთ. ცივ ჩაიში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ სახე და ყელი, არ გაიმშრალოთ - აცადეთ შეშრობა.

    ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის
  • თითო სუფრის კოვზი გულყვითელასა და გვირილის ყვავილების ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და 30 წუთის შემდეგ გაფილტრეთ.

    ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის
  • აურიეთ ერთმანეთში 1/2 ჩაის კოვზი ბორაკი (ბორის მჟავას ნატრიუმის მარილი), 2 ჩაის კოვზი გლიცერინი, 1 სუფრის კოვზი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი. ეს ნარევი ჩაასხით მუქ ბოთლში და შედგით მაცივარში. ინახება 4-5 დღე.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი