კალანჰოე - მრავალი დაავადების და თქვენი ოჯახის მკურნალი...

კალანჰოე - მრავალი დაავადების და თქვენი ოჯახის მკურნალი...
კალანჰოესადმი ინტერესი ერთმა უსიამოვნო შემთხვევამ გამიღვიძა: რამდენიმე წლის წინ, ზამთარში, მეგობართან ერთად სანადიროდ რაჭის ტყეებს მივაშურე. კურდღელს იმდენი ვდიეთ, რომ სოფელში არაქათგამოცლილები დავბრუნდით. გალუმპულებმა და დაღლილებმა გასაშრობად ბუხარს მივაშურეთ. მეგობარმა ცეცხლის გაღვივება სცადა და ისე მოხდა, რომ გავარვარებული ნეკერჩხალი შიშველ ფეხზე დამეცა... ამის შემხედვარე მეგობრის მეუღლე გარეთ გავარდა და რომელიღაც მცენარის ფოთლები შემოიტანა, გაწმინდა, გაამშრალა, დამწვარ ადგილზე დამადო და მსუბუქად შემიხვია. ტკივილმა თანდათან მიკლო, ბოლოს სულაც გამიარა და მეც ღრმად ჩამეძინა. დილით დიასახლისმა ძველი ნახვევი მომხსნა და ახალი დამადო. შინ დაბრუნებისას რამდენიმე ფოთოლი ვთხოვე - ვიფიქრე, გავახარებ-მეთქი. დიასახლისმა მითხრა, რომ ეს კალანჰოე იყო, რომელიც, გარდა დამწვრობისა, უხდებოდა მწერის, განსაკუთრებით ფუტკრის ნაკბენს, ჭრილობებსა და სისხლჩაქცევას. მცენარე მართლაც გავახარე და, თქვენ წარმოიდგინეთ, მისი წყალობით მეზობელს ტროფიკული წყლული მოვურჩინე. ამისთვის საკმარისი აღმოჩნდა ერთი კვირის განმავლობაში წყლულის კალანჰოეს წვენით დამუშავება. როდესაც მისმა ექიმმა, რომელიც რამდენიმე თვე უშედეგოდ მკურნალობდა, მოშუშებული წყლული ნახა, თვალებს არ დაუჯერა. სულ ახლახან კი შევიტყვე, რომ კალანქოე ღრძილების ანთებასაც შველის. ამისთვის საკმარისია, მისი ფოთლებით რეგულარულად გაიწმინდოთ ღრძილები და შეიზილოთ წვენი. ანთება 2-3 კვირაში გაივლის. ზამთარში, გაციებისა და სურდოს დროს, კალანჰოეს ფოთლის პატარ-პატარა ნაკუწები ორივე ნესტოში უნდა ჩაიდოთ და 20-30 წუთი ასე ისუნთქოთ.

კალანჰოეს ნაყენი შემდეგი წესით მზადდება:
წვრილად დაჭერით მისი ფოთლები, ჩაყარეთ ლიტრიან ბოთლში ნახევრამდე. ბოთლი აავსეთ სპირტით ან არყით და დადგით ბნელ ადგილას, დაახლოებით 4-5 დღის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ ნაყენი და გამოიყენეთ სახსრების დასაზელად. ეს ნაყენი სახსრების ტკივილის დროს უებარია.
მკურნალობის კურსი 3 თვეა.ნაყენი ყოველ საღამოს, ძილის წინ შეიზილეთ.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი