როგორ ვუშველოთ დაავადებულ სახსრებს...

ვისაც მადეფორმირებელი ოსტეოართროზი აქვს, კარგად ეცოდინება, რას ნიშნავს ეს: დილაობით მთელი სხეულის შებოჭილობა, სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით - ფიზიკური დატვირთვისას. ასეთი საშინელი დღეები დედაჩემსაც დაუდგა. ამ დროს ტკივილი განსაკუთრებით ძლიერია მენჯ-ბარძაყის, მუხლის, ხერხემლის, ხელის თითების სახსრებში. ეს დაავადება უმეტესად ქალებს ემართებათ. მართალია მისი მიზეზი ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ ფაქტია, რომ მისი შედეგი ინვალიდობაა. თავად მე მედიცინაში თვითნასწავლი გახლავართ. ჩემი ოჯახის თუ ახლობლების სატკივარი ბავშვობიდან გულთან მიმქონდა, ამიტომაც მუდმივად ვკითხულობდი ლიტერატურას როგორც ტრადიციული, ასევე ხალხური მედიცინის შესახებ. მინდა, ჩემი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

მაშ, ასე - როგორ მოვგვაროთ შვება ავადმყოფ სახსრებს:
  1. აკონტროლეთ წონა.
  2. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, რადგან ის აუცილებლად გაამწვავებს დაავადებას.
  3. ერიდეთ ფეხზე დიდხანს დგომას და ისეთ სამუშაოს, რომელიც იძულებით პოზას მოითხოვს.
  4. ძლიერი ტკივილის დროს შეიძლება დიმექსიდის კომპრესების გაკეთება - მას ავს ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისება, წარმოადგენს ერთ - ერთ საუკეთესო საშუალებას სახსრების კონტრაქტურობის (სახსრის მოძრაობის შეზღუდვის ) საწინააღმდეგოდ: დიმექსიდი გახსენით ანადუღარ, გაცივებულ წყალში თანაფარდობით 1:2 ან 1:3, დაასველეთ მასში დოლბანდი და დაიდეთ მტკივან ადგილას. ზევიდან გადაიფარეთ ცელოფანი ან გასანთლული ქაღალდის ფურცელი და გადაიხვიეთ. გაიჩერეთ 30 წუთი. თუ ტკივილი მეტისმეტად ძლიერია და მოძრაობას გიშლით, დიმექსიდის ხსნარში 1 ამპულა დიკლოფენაკიც გახსენით.
  5. სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად იკეთეთ შვრიის ნახარშის აბაზანები. ზოგჯერ აბაზანაში შეგიძლიათ ჩაასხათ ყვითელი ძიძოს ან ჭინჭრის ფოთლების ნახარში.

სვით ბალახეული ნაყენები, რომლებიც მინერალური ცვლის დარღვევებს აწესრიგებს. მაგალითად, ასეთი:
  • 25 გ ჭანგას ფესვს დაასხით 250 მლ წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, დააყენეთ 1 საათით და გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ დღეში სამჯერ ჭამამდე. ჭანგა შეიცავს სილიციუმის მჟავას, რომელიც სისხლძარღვთა კედლებს ამაგრებს.

  • ორგანიზმიდან შარდმჟავა მარილების გამოსაძევებლად სვით წყლის მარწყვბალახასა და შავი მოცხარის ფოთლის ნაყენი და მინდვრის შვიტას ნახარში. ვიტამინებიდან მიიღეთ ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავა. შარდმდენი ბალახების მიღებისას დიეტაში ჩართეთ კალიუმის შემცველი პროდუქტები: გოგრა, ყაბაყი, კარტოფილი, ჭერმის ჩირი, ქიშმიში.
    დაბოლოს, არ დაივიწყოთ მასაჟი. ასეთი მკურნალობის შედეგად თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. არ დაგავიწყდეთ - ჯანმრთელობა არ იყიდება, იგი შრომით უნდა მოიპოვოთ.