როგორ გავახაროთ მანდარინი შინაურ პირობებში

როგორ გავახაროთ მანდარინი შინაურ პირობებში
დღეს fpaparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ, თუ როგორ გაახაროთ მანდარინი შინაურ პირობებში. მანდარინის გასახარებლად დაგჭირდებათ მწიფე ნაყოფის კურკები. წარმატებული შედეგისთვის საჭიროა, რომ კურკების რაოდენობა მინიმუმ 5-10 ცალი იყოს.
შემდეგ, კურკები უნდა შეახვიოთ მარლაში და ოდნავ დაასველოთ წყლით, რათა კარგად გაღვივდეს. მანდარინისთვის ოპტიმალური გრუნტი გახლავთ ყვავილების მაღაზიაში შეძენილი სპეციალური მიწა ციტრუსისთვის. ნუ დაგავიწყდებათ დრენაჟის საჭიროებაზეც.

მანდარინის წამონაზარდისთვის საკმაოდ დიდი დროა საჭირო, პირველი მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ ჩნდება, ხანდახან კი 1 თვეც სჭირდება საამისოდ.
მანდარინი საერთოდ ძალიან ნელა იზრდება, თანაც ხანდახან აჩერებს ზრდას. მაგრამ თუ ენთუზიაზმსა და იმედს არ დაკარგავთ, შეუქმნით მას ყველა პირობას და კარგად მოუვლით, გაიზრდება ლამაზი ხე.

რა თქმა უნდა, მანდარინი უპრეტენზიო ხეა მოვლაში, მაგრამ ზოგიერთი წესის დაცვა მაინც საჭიროა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი - მზის სხივების სიუხვე. სინათლისმოყვარულ მანდარინს ინტენსიური განათება სჭირდება დღე-ღამეში 12 საათის განმავლობაში.
ასევე, მანდარინს უყვარს სინესტე. ზაფხულში უხვად უნდა მორწყათ, მაგრამ ეცადეთ ზედმეტი არ მოგივიდეთ. ზამთარში მორწყვას უნდა უკლოთ, დააკვირდით, რომ მიწა არ გახმეს. გარდა ამისა, მანდარინის ფოთლებს უნდა შეასხუროთ გაფილტრული ან ადუღებული სუფთა წყალი. ჰაერის სიმშრალის კომპენსირება რომ მოახდინოთ, კარგი იქნება თუ მანდარინთან ოთახის პატარა შადრევანს დადგამთ, ჰაერის დამატებითი დატენიანებისთვის.