ხელოვნური მენოპაუზით კიბოს მოტყუება შეიძლება

ხელოვნური მენოპაუზით  კიბოს  მოტყუება შეიძლება
ავსტრალიელი მკვლევარები ვარაუდობენ, რომ საკვერცხეების ფუნქციის დროებითმა შეჩერებამ შესაძლოა ონკოლოგიური პათოლოგიებით დაავადებულები უშვილობისგან დაიცვას.
უშვილობა ქიმიოთერაპიის ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტია. ქიმიოთერაპიას მიმართავენ ონკოლოგიური დაავადებების დროს კიბოს უჯრედების განადგურების მიზნით. კიბოთი დაავადებულებს შვილის ყოლის შანსი რომ შეუნარჩუნონ, ქიმიოთერაპიის დაწყებამდე მათ კვერცხუჯრედებს აცლიან და ხელოვნური განაყოფიერებისათვის ინახავენ. ეს პროცედურა სარისკოა: ქიმიოთერაპიის გადადება ამცირებს ავადმყოფის გადარჩენის შანსს, ხოლო ჰორმონულმა პრეპარატებმა, რომლებიც გამოიყენება კვერცხუჯრედების ამოღების დროს ოვულაციის სტიმულირებისათვის, შესაძლოა სიმსივნის ზრდა და მეტასტაზირება დააჩქაროს.

მელბურნის ქალთა სამეფო ჰოსპიტალში სცადეს, კვერცხუჯრედის მუშაობა დროებით (ქიმიოთერაპიის განმავლობაში) შეეჩერებინათ და ამ გზით შეენარჩუნებინათ შვილოსნობის უნარი. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 18 - დან 25 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე 18 - მა ქალმა. მათ ქიმიოთერაპიის კურსთან ერთად უკეთდებოდათ ცეტრორელიქსის ინექცია. ამ პრეპარატს უნაყოფობის მკურნალობის დროს ნაადრევი ოვულაციის თავიდან ასაცილებლად იყენებენ.
მკურნალობის კურსის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში ოვულაცია, რეგულარული მენსტრუალური ციკლი და, აქედან გამომდინარე, ფერტილობა აღუდგა 17 ქალს.
ამ მოვლენის მექანიზმი ბოლომდე არ არის გარკვეული, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ფუნქციის დროებით შეჩერება რაღაცნაირად იცავს საკვერცხეებს ქიმიოთერაპიის ტოქსიკური ზემოქმედებისგან.
ამჟამად მეცნიერები გაცილებით ფართომასშტაბიან გამოკვლევას გეგმავენ.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო