რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ალერგიით დაავადებულთათვის

რამდენიმე პრაქტიკული  რჩევა  ალერგიით დაავადებულთათვის
ალერგიული რეაქციებისთვის ხელსაყრელი პერიოდის პირველი და ყველაზე ლოგიკური თავდაცვითი ღონისძიება ალერგენთან კონტაქტის შეზღუდვაა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს შეუძლებელია, ამიტომ გთავაზობთ სასარგებლო რჩევებს, რომლებიც ამ საშიშ პერიოდში გამოგადგებათ: რაც შეიძლება ნაკლები ხანი დაყავით ქუჩაში, განსაკუთრებით - თუ ქალაქგარეთ, სოფელში, დაბაში ცხოვრობთ. ვისაც სოკოს სპორებზე აქვს ალერგია, არ უნდა გაჩერდეს ტყეში, თივის ზვინების ახლოს, ასევე - პარკებში , სადაც ნიადაგი ნესტიანია.

როდის გავიდეთ გარეთ?
ყველამ უნდა იცოდეს, როდის არის მისთვის შინიდან გასავლელად ყველაზე ხელსაყრელი ამინდი.
ალერგიით დაავადებულთა უმრავლესობისთვის ასეთია წვიმიანი დღეები, როცა ჰაერში ყველაზე ნაკლები მტვერია. სოკოს სპორებზე ალერგიის მქონეთ სასეირნოდ მშრალი და მზიანი ამინდი უნდა ერჩივნოთ. თითქმის ყველა მათგანისთვის არახელსაყრელია ქარიანი დღეები. ასეთ დროს ჰაერში მტვრისა და სოკოს სპორების რაოდენობა გაცილებით მეტია. თანაც ქარს ისინი ადვილად გადააქვს ერთი ადგილიდან მეორეზე და მათთან შეხვედრა ძალიან ადვილია. მნიშვნელოვანია ისიც, დღის რომელ პერიოდში გახვალთ გარეთ. ყველაზე უსაფრთხო დილაა. ამ დროს მტვერი ჯერ კიდევ მოუწიფებელია. სოკოს სპორები ჰაერში საღამოობით არის ყველაზე მეტი.

როგორ მოვიქცეთ?
  • თავი ვარიდოთ ყვავილს მტვერთან კონტაქტს: ყვავილობის პერიოდში არ გავაღოთ მანქანის ფანჯრები, თავი შევიკავოთ პიკნიკებსა და ლაშქრობებზე სიარულისგან.
  • ვერიდოთ კაშკაშა და ფერადი ყვავილებით მოჩითულ ტანსაცმელს - ასეთი ქსოვილი მწერებს იზიდავს.
  • ნუ გააღებთ ფანჯრებს შუადღისას და საღამოს.
  • გამოიყენეთ კონდიციონერი.
  • ავტომობილში ჯდომისას ასწიეთ მინები.
  • შინ დაბრუნებისას არ დაგავიწყდეთ შხაპის მიღება. ნუ გააშრობთ თეთრეულს ეზოში.
  • ბაღსა და ბოსტანში მუშაობისას არ დაგავიწყდეთ ცხვირ - პირზე დამცავი დოლბანდის აფარება.

გარდა ამისა:
  • არ გავაჩეროთ სახლში შინაური ცხოველები, ასევე - ცხოველის ტყავები, ხალიჩები.
  • ვერიდოთ სახლში ობის გაჩენას.
  • მატყლისა და ბუმბულის ლეიბები, ბალიშები, საბნები შევცვალოთ სინთეზური მასალისგან დამზადებული ნივთებით. გამოვიყენოთ ხელოვნური ბოჭკოსგან ნაქსოვი პლედები.
  • ოთახები ხშირად გავანიავოთ და დავასუფთაოთ მტვერსასრუტით. სველი წესით დალაგება შენობაში მტვრის კონცენტრაციას ამცირებს.

დასასრულ კი გირჩევთ, თუ ალერგიის რომელიმე ნიშანი გამოგაჩნდათ, დროულად მიმართოთ ექიმს. თვითმკურნალობა სახიფათოა.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო