როგორ დავიცვათ ხელები ნაადრევად დაბერებისგან

როგორ დავიცვათ ხელები ნაადრევად დაბერებისგან
ხელები სხეულის სხვა ნაწილებზე ადრე "ბერდებიან" - მათზე 5 -10 წლით უფროსებად გამოიყურებიან და პატრონის ასაკს დაუფარავად ამხელენ. ეს იმ დატვირთვის ბრალია, რომელსაც ხელები მთელი სიცოცხლის მანძილზე იტანენ.
დღის განმავლობაში მტევნის კუნთები საკმაოდ იტვითება. ძლიერი დაჭიმულობა იწვევს კუნთების ტკივილს, რომელიც კისერსა და მხრებს გადაეცემა.
დატვირთვის შემდეგ მტევნის კუნთების სპაზმები ბოჭავს მტევნის სახსრებსა და თითების ფალანგების მოძრაობას, სუსტდება სასახსრე ჩანთის ფუნქციები, უარესდება მტევნის კანისა და ქსოვილების სისხლმომარაგება, რაც მტევანს ნორმალურ, ჯანსაღ შესახედაობას ართმევს.
მტევანი, კრიალა, რბილი, გლუვი, მშრალი და თბილი რომ იყოს და წლებმაც კი ვერაფერი დააკლოს, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

რა აზიანებს ხელს

ხელზე განუწყვეტლივ მოქმედებს:
  • ატმოსფერული და ტემპერატურული ფაქტორები - ქარი, სიცივე და სიცხე;
  • ონკანის ქლოარიანი წყალი;
  • საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებანი, რომელთაც დღეში 5 - 10 - ჯერ მაინც ვეხებით.

ზამთარში სიცივის ზემოქმედებით და ტემპერატურის ხშირი ცვალებადობის გამო კანი უხეშდება, შრება, ადვილად იქერცლება. მას განსაკუთრებით აზიანებს თბილი შენობიდან ცივ ქუჩაში გასვლა და ზამთრის თანმხლები ვიტამინების დეფიციტი. წლის ამ პერიოდში რეგულარულად უნდა გამოიყენოთ ორნაირი მალამო: დამატენიანებელი და მკვებავი. დამატენიანებელი უნდა წაისვათ წყალთან კონტაქტის შემდეგ, მკვებავი კი შინიდან გასვლის წინ.
ზამთრობით არასოდეს გახვიდეთ შინიდან ხელთათმანის გარეშე. ისინი ხელების საუკეთესო მცველები არიან.
ზამთარ - ზაფხულ, შინ თუ გარეთ, როდესაც წყალსა და საყოფაცხოვრებო ქიმიასთან გიწევთ კონტაქტი, ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, მათ მორგებამდე კი ხელებზე მკვებავი კრემი წაისვით.
სასურველია, ხელებზე მკვებავი კრემი სამუშაოს დასრულებისა და ხელების დაბანის შემდეგაც გადაისვათ.


ისეთი საქმიანობისას, რომელიც წყალსა და ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტს არ მოითხოვს, ბამბის ხელთათმანები ჩაიცვით. თუ ხელთათმანებით მუშაობა გიჭირთ, ხელებზე დამცავი კრემი მაინც გადაისვით.
ხელების დაბანა ოთახის ტემპერატურის წყლით სჯობს, ვინაიდან ცივი წყალი კანს აუხეშებს და ქერცლავს, ცხელი კი ცხიმოვან ფენას აცლის და აშრობს. გამონაკლისია კანი, რომელიც იქერცლება. ამ შემთხვევაში ხელების დაბანა გრილი წყლით სჯობს.
ზამთარში ხელები რბილი საპნით დაიბანეთ. კარგია ბავშვის საპონი.
კვირაში 1 -2 -ჯერ ჩაიტარეთ მტევნების პილონგი. კანს მკვდარი უჯრედები მოსცილდება და მკვებავი და დამარბილებელი მალამო მასში ღრმად ჩააღწევს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო