სილამაზის მენიუ უნაკლო კანისთვის, იდეალური ფიგურისთვის და ქათქათა კბილებისთვის

სილამაზის მენიუ უნაკლო კანისთვის, იდეალური  ფიგურისთვის და ქათქათა კბილებისთვის
ალბათ ყველას სურს ჰქონდეს აბრეშუმივით ნაზი კანი, იდეალური ფიგურა და ქათქა კბილები. ეს არც ისე რთული მისაღწევია, მთავარია გაითვალისწინოთ ჩვენი Fpaparazzi - ის სასარგებლო რჩევები. მაშ ასე:

კანისთვის
ცივი ქარი ან შენობაში ძალიან მშრალი ჰაერის გამო კანი აქერცვლას იწყებს, ქუჩისა და შენობის ტემპერატურების ცვალებადობის გამო კი სახეზე შეიძლება სისხლძარღვების წერტილები გაჩნდეს. რა მოგვეხმარება?
თევზი. თევზის ცხიმიანი ჯიშები შეუცვლელ ცხიმმჟავა ომეგა 3 - ს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს კანზე ლიპიდური ფენის შენარჩუნებასა და ტენის შეკავებას. მაგრამ გაითვალისწინეთ, გაცხელების დროს ცხიმოვანი მჟავები იშლება, ამიტომ, კანს რომ მიეხმაროთ სიცივის დროს, კარგი იქნება თუ მიირთმევთ ქაშაყს, სუშის ან ისეთ კერძებს, რომლებსაც თევზის თბური დამუშავება არ სჭირდება.
წიწიბურა. ექიმები მას რუტინის მაღალი შემცველობის გამო აფასებენ. ეს ნივთიერება ამკვრივებს კაპილარების კედლებს და ხელს უშლის სისხლძარღვთა წერტილების გაჩენას. რუტინი უწვრილეს სისხლძარღვებსაც კი ამაგრებს. ამიტომ წიწიბურას ფაფა ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც ყინვაში ცხვირი უწითლდება. კიდევ ერთი, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, ამიტომ წიწიბურის მოყვარულთ სახის კარგი ფერი გარანტირებული აქვთ.

ფიგურისთვის
სიცივის დადგომისთანავე, ჭამის სურვილი გვემატება. ამიტომ გასაოცარი არაფერია იმაში, რომ შემოდგომა - ზამთრის პერიოდში წონაშიც ვიმატებთ. ამის თავიდან ასაცილებლად, ყურადღება მიაქციეთ მირთმეული საკვების რაოდენობას და არ დაივიწყოთ ხშირად ჩართოთ თქვენს მენიუში:
გოგრა. არც ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გოგრას შეუძლია წონის დაკლებაში მოგეხმაროთ. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ის ქალბატონების სხეულის მასაზე. ექსპერიმენტებისას ისინი, ვინც კვირაში მინიმუმ 3 - ჯერ მაინც მიირთმევდა გოგრას, წონაში იკლებდნენ.
ნიახური. ის მთელი მსოფლიოს დიეტოლოგების საყვარელი მწვანილია. საქმეე ისაა, რომ ნიახური შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას. სწორედ ამიტომ ის გასახდომი დიეტების უმეტესობაში შედის.

კბილებისთვის
შემოდგომა სევდიანობის ჟამია, მაგრამ მასთან გამკლავებაც შეიძლება, თუკი საკუთარ თავსაც გაუღიმებთ და სხვებსაც. მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ნაძალადევი ღიმილიც კი ეხმარება სტრესებთან ბრძოლასა და განწყობილების გამოკეთებას. მაგრამ... ლამაზი ღიმილისთვის კარგი კბილებია აუცილებელი, კარგი კბილებისთვის კი მენიუ, რომელშიც ბლომად იქნება:
ვაშლი. სტომატოლოგები ამტკიცებენ, რომ ვაშლი აუმჯობესებს კბილის ფერს, წმენდს კბილთაშორის სივრცეს და კარიესის გამომწვევ მიკრობებს ებრძვის.
სიმინდი. ქათქათა თეთრი, მაგარი და ჯანსაღი კბილები ლათინოამერიკელების დიდ უმრავლესობას აქვს. ეს მცენარეული წარმოშობის კალციუმით მდიდარი სიმინდის ტრადიციული მოხმარების შედეგი გახლავთ, რომელსაც ნებისმიერ საკვებში ხმარობენ.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის