რამდენიმე მარტივი რჩევა, თუ როგორ მოვიშოროთ ფეხიდან უსიამოვნო სუნი და ჭარბი ოფლიანობა

რამდენიმე მარტივი  რჩევა, თუ როგორ მოვიშოროთ ფეხიდან უსიამოვნო სუნი და ჭარბი ოფლიანობა
თუ თქვენ უჩივით ფეხების ჭარბ ოფლიანობას და უსიამოვნო სუნს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ვეგეტატიური ნერვული სისტემის აღგზნებადობა. ასეთ დროს ხშირია სუნიც, რომელსაც, როგორც წესი, კანზე იმ ბაქტერიების მოხვედრა იწვევს, რომლებსაც ძალიან უყვართ ოფლი. ფეხის სუნის გასაქრობად, უპირველეს ყოვლისა, ოფლს უნდა ებრძოლოთ. ამისათვის ფეხები ყოველდღე უნდა დაიბანოთ თბილი წყლითა და საპნით, იცვალოთ ფეხსაცმელი და წინდები. ფეხსაცმელი უნდა იყოს ნაჭრის ან ნატურალური ტყავის, ზაფხულობით - მოხდილი, წინდები - ბამბის. ფეხსაცმელი დროდადრო გარეცხეთ.
რაც შეეხება ფეხის დეზოდორანტებს, მათ მართლაც აქვთ ეფექტი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც ერთ ფირმას ვერ გავუწევთ რეკლამირებას.

თუ ამან არ გიშველათ, ორი კვირის განმავლობაში ყოველ დილა მიიფრქვიეთ ბორის მჟავა ტერფებზე - ფეხისგულებზეც და თითებს შორისაც, საღამოობით კი დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით.
არსებობს კომბინირებული ( ანტიმიკოზური, ანთების საწინააღმდეგო, მადეზოდირებელი ეფექტის მქონე ) პრეპარატები, რომლებიც ფხვნილის სახით გამოდის და ფეხსაცმელში იყრება. შეიძლება ფეხსაცმელში სპეციალური დეზოდორის ჩასხმა და ნესტის შემწოვი საფენების ჩადებაც. მართალია, ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს, მაგრამ რამდენადმე ჩაახშობს სუნს და სოკოვანი დაავადების ალბათობასაც შეამცირებს.
ფეხების ოფლიანობის დროს მიმართავენ იონოფორეზსაც.

გასწავლით ფეხიდან სუნის გასაქრობ რამდენიმე სხვა საშუალებასაც:
  • ფეხები დღეში ორჯერ თხუთმეტი წუთით ჩაყავით ჩაის მაგარ ნაყენში.

  • სუნის მოსაცილებლად ფეხები კვირაში სამ -ოთხჯერ დაიბანეთ ძმრის თბილი წყალხსნარით. ერთ ჯერზე ნახევარი ჭიქა ძმარი გეყოფათ.

  • 1 ლ წყალში ჩაყარეთ 50 -100 გრ მუხის ქერქი. 20 -30 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გაიკეთეთ ფეხის თბილი აბაზანები ყოველ საღამოს.

  • ჩაყარეთ 1/5 ჩ/კ ან დანის წვერით დამწვარი შაბი 1 ჭიქა ცხელ წყალში, კარგად გახსენით და ტერფებზე გადაივლეთ.

  • გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ჭიქა წყალში და გადაივლეთ ტერფებზე, ღამით - ცხელი, დილით კი ცივი.

  • ტერფები ყოველღამე ლიმონის წვენით გაიწმინდეთ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო