რატომ არის ვაშლი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ხილი

რატომ არის  ვაშლი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ხილი
ყველაზე პოპულარული ხილი მსოფლიოში! ასევე მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გამოთქმა მის შესახებ - დღეში ერთი ვაშლი და არასოდეს გახდები ავად! ის შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებსა და ანტიოქსიდანტებს. მის სამშობლოდ შუა აზია ითვლება. ის მრავალი გერბის შემადგენლობაშია გამოსახული, რამდენადაც ჰერალდიკაში ის მშვიდობის სიმბოლოდაა მიჩნეული. ვაშლის პატივსაცემად აშშ და დიდ ბრიტანეთში ვაშლის დღეს ზეიმობენ, ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქს - ალმა - ატას კი სულაც ვაშლის სახელი ჰქვია.

სასარგებლოა ფრიად!
ვაშლი ერთ - ერთი ყველაზე დაბალკალორიული ხილია. 100 გრ დაახლოებით 50 კკალ - ს შეიცავს. ამიტომ ის გემრიელი და ჯანმრთელი წასახემსებელია. ის მათთვისაც მისაღებია, ვინც იძულებულია რაციონის კალორიულობა შეზღუდოს. ვაშლი ბევრ უჯრედისს შეიცავს ( დაახლოებით 4 გრ საშუალო ზომის ვაშლში ), რაც ხელს უშლის სხვა პროდუქტებიდან ქოლესტერინის ათვისებას. მას, ვინც დღეში ორ ცალ ვაშლს მიირთმევს, სისხლში ქოლესტერინის დონე 16 % - ით უქვეითდება. უჯრედისი კი ადამიანის ნაწლავებში მობინადრე სასარგებლო ბაქტერიების საკვებიცაა; უფრო მეტიც, ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკის შემცირების უნარის აქვს.

ანტიოქსიდანტები და ვიტამინები
ვაშლი მძლავრ ბუნებრივ ანტიოქსიდანტს - C ვიტამინს შეიცავს, რომელიც ორგანიზმს ინფექციებისადმი მდგრადობისა და თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლის საშუალებას აძლევს. 100 გრ ვაშლი C ვიტამინის დღიური ნორმის დაახლოებით 14 % შეიცავს. ვაშლში ასევე არის სხვა ანტიოქსიდანტებიც: კვერცეტინი, ეპიკახეტინი, ნარინგენინი და ღვინის მჟავა. კვერცენტინი ტვინის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან იცავს, რომლებიც, თავის მხრივ, ალცჰეიმერის დაავადების ერთ - ერთი გამომწვევი მიზეზია. სამი ცალი ვაშლი ანტიოქსიდანტების იმ დოზას შეიცავს, რომელიც ყოველდღიური მიღებისას ფილტვებისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებისგან იცავს, ზრდის ამტანობას, აუმჯობესებს რა ფილტვებში ჟანგბადის ცვლას. ვაშლი B ვიტამინებსაც შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს საჭმლისმომნელებელი ფერმენტების გამომუშავებაში და ნერვული სისტემის მუშაობაში ეხმარება. ეს ბიბლიური ხილი მინერალებსაც შეიცავს: კალიუმს, ფოსფორსა და კალციუმს. ითვლება, რომ ანტიოქსიდანტებით უფრო მდიდარი წითელი ჯიშის ვაშლებია.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის