რამდენიმე რჩევა ნორმალური სახის კანის მოსავლელად + ეფექტური ნიღბები.

რამდენიმე რჩევა ნორმალური სახის კანის მოსავლელად + ეფექტური ნიღბები.
ნორმალური სახის კანი ერთფეროვანია, ელასტიური, სუფთა და ცოცხალი. ის თავისუფალია ისეთ ნაკლოვანებებისაგან, როგორიცაა ფორების გაფართოება, ფერიმჭამელები, გამონაყარი, სისხლძარღვების გაფართოება და სხვა. ნორმალური, ჯანმრთელი კანი კარგად იტანს დაბანას წყლით და საპნით, სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებს, აგრეთვე დეკორატიულ კოსმეტიკას. სამწუხაროდ, ასეთი სახის კანი იშვიათად გვხვდება.
ნორმალურ სახის კანზე მავნებლად მოქმედებს მზის სხივების ხანგრძლივი და ინტენსიური მოქმედება, აგრეთვე ლოსიონები, რომლებიც შეიცავენ სპირტს 15 % - ზე მეტს.

  • დილით კანი ჯერ გრილი წყლით გამოიცოცხლეთ, შემდეგ კი ცივით. თუ წყალი ძალიან უხეშია, საჭიროა საჭმელი სოდით დაარბილოთ ან გამოიყენოთ ანადუღარი წყალი. დაბანის დროს შეგიძლიათ იხმაროთ საპონი, შემდეგ კი გაიწმინდოთ ლოსიონში დასველებული ბამბის ტამპონით. ბოლოს სახეზე წაისვით ნახევარად ცხიმიანი კრემი.

  • საღამოს სახე გაიწმინდეთ ტუალეტის რძით ან გამწმენდი კრემით. შემდეგ კი ლოსიონით. ბოლოს წაისვით მკვებავი კრემი.

  • კვირაში ერთხელ გაიკეთეთ ნიღბები.

  • კარგ ეფექტს იძლევა სახის დაბანა ბალახების: გვირილის, სალბის, ცაცხვის ყვავილის, შვიტას ნაყენით. ამისათვის, 2 სუფრის კოვზ ცალკეულ ბალახს ან ნაკრებს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 სთ. თავდახურულ ჭურჭელში. ნაყენი ასუფთავებს კანს, აძლევს სინაზეს და ელასტიურობას.

  • ნორმალური, მაგრამ მგრძნობიარე სახის კანი დაბანის მაგივრად თხოულობს გაწმენდას ლოსიონით. კრემის ყოველდღიური წასმა აუცილებელი არ არის.

ნიღბები ნორმალური კანისთვის:
  1. 1 ჩაის კოვზი თაფლი და ჩაის კოვზი რძის ფხვნილი გახსენით ცოტა წყალში ისე, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წთ. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.

  2. 1 კვერცხის გული + 1 ჩაის კოვზი თაფლი + 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი აურიეთ ერთმანეთში. ნიღაბი გაიჩერეთ 20 წთ. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.

  3. 2 სუფრის კოვზ გახეხილ ვაშლს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. ნიღაბი გაიჩერეთ სახეზე 15 წთ.

  4. 2 სუფრის კოვზი მოხარშული გოგრა აურიეთ 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთში. ნიღაბი გაიჩერეთ 20 წთ.

სტატიის ავტორი: თეონა ლაგაზაური
სტატიის წყარო:სამკურნალო კოსმეტიკა ყველასათვის