როგორ მოვიქცეთ, რომ პარაზიტული და ასეთივე გზით გადამდები სხვა დაავადებები არ დაგვემართოს!

როგორ მოვიქცეთ, რომ პარაზიტული და ასეთივე  გზით გადამდები სხვა  დაავადებები არ  დაგვემართოს!
ბოლო დროს მთელ მსოფლიოში იმატა ისეთი დაავადებების რიცხვმა, რომლებიც ჭუჭყიანი ხელების, დაბინძურებული საკვებისა და წყლის მეშვეობით გადაედება. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს მოსახლეობის ხშირი გადაადგილების, ხილისა და ბოსტნეულის სიუხვის, წყალსატევებისა და ტბების დაბინძურების, ბუზების - სხვადასხვა ინფექციური თუ პარაზიტული დაავადების გამომწვევთა გადამტანების - მომრავლების ბრალია. ინფექციური სნეულებების საფრთხე განსაკუთრებით თბილ თვეებში იზრდება, რადგან ამ პერიოდში იქმნება მიკრობების გამრავლებისა და განვითარების მეტად ხელსაყრელი პირობები.

პარაზიტულ დაავადებათა გამომწვევები ადამიანის ორგანიზმში უხარისხო სურსათის, წყლის, გაურეცხავი ბოსტნეულისა და ხილის მეშვეობით ხვდება. და კიდევ ერთი: პირადი ჰიგიენის დაუცველობა. დაუბანელი, ფეკალური მასებით დაბინძურებული ხელები მრავალი ინფექციისა და პარაზიტული სნეულების გავრცელების მთავარი გზაა. ტყუილად კი არ უწოდებენ ორალურ - ფეკალური გზით გადამდებ ინფექციებს ჭუჭყიანი ხელების დაავადებებს! ასე რომ, ურიგო არ იქნება, თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ კარგად ცნობილ წესებს:
ხელები საპნით უნდა დავიბანოთ:
  • ჭამამდე;
  • სამსახურიდან ან სეირნობიდან დაბრუნებისას;
  • ტუალეტის შემდეგ. მაშინაც კი, თუ ფიზიოლოგიური მოთხოვნილება არ დაგიკმაყოფილდებათ. საქმე ის არის, რომ ტუალეტის კარს, ონკანს, პირსაბანს, სადაც უამრავი ნაწლავური ინფექციის გამომწვევი თუ პარაზიტის კვერცხი ბუდობს, ნებით თუ უნებლიედ უკვე შეეხეთ. ასე რომ, განურჩევლად იმისა, დაიკამუოფილეთ თუ არა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, აუცილებლად უნდა დაიბანოთ ხელები და აუცილებლად საპნით.

ფრჩხილები ძირში დაიჭერით, რადგან მათ ქვეშ ხშირად ბუდობენ პარაზიტის კვერცხები და მიკრობები.

შვილებს პატარაობიდანვე შეასწავლეთ პირადი ჰიგიენის ელემენტარული, მაგრამ აუცილებელი წესები:
  • გადააჩვიეთ ისინი ხელებისა და სათამაშოების პირში ჩადებას.

  • ღამღამობით ისეთი საცვალი ჩააცვით, ბარძაყებზე მჭიდროდ რომ არ იყოს მომდგარი. ასე პატარა არც ხელებს დაისვრის და არც პარაზიტთა კვერცხები მოითესება შენობაში.

  • ყოველდღიურად გამოუცვალეთ ბავშვს საცვალი.

  • თეთრეული გარეცხეთ 60o C ტემპერატურის წყალში და ცხელი უთოთი გააუთოეთ.

  • სათამაშოები გარეცხეთ ან მტვერსასრუტით გაწმინდეთ.

  • ბავშვებს ხშირად აჭამეთ სტაფილო, მარწყვი, კაკალი, ასვით ბროწეულის წვენი და კრაზანას ჩაი - ეს პროდუქტები ორგანიზმს ჰელმინთებისგან წმენდს.

  • ნუ შეჭამთ უმ და ნახევრად მოხარშულ ხორცსა და თევზს.

  • გუმოლდგინედ დაიცავით ბუზებისგან სურსათი, სასმელი და ჭურჭელი.

  • ხილი და ბოსტნეული ჭამამდე გარეცხეთ გამდინარე წყალში და ანადუღარი წყალი გადაავლეთ.

  • ნურასოდეს შეიძენთ საკვებს შემთხვევითი პირებისგან არასანქცირებულ ადგილებში. ასეთი პროდუქტების წყალობით დაავადმყოფოში ბევრი მოხვედრილა.

  • მკაცრად დაიცავით მზა საკვებისა და მალფუჭებადი ორიდუქტების შენახვის პირობები.

  • ნუ დალევთ აუდუღარ წყალს, განსაკუთრებით - თუ ის ღია წყალსატევიდან არის ამოღებული.

  • ნუ იბანავებთ ჭუჭყიან და მღვრიე წყალში.

  • პარაზიტული და მწვავე ნაწლავური დაავადებების მქონე პირები ექიმის დაკვირვების ქვეშ უნდა იყვნენ.

  • ეცადეთ, სახლშიც და ეზოშიც სისუფთავე შეინარჩუნოთ, რადგან ის პარაზიტების მთავარი მტერია.

  • შენობა ყოველთვის სველი წესით დაალაგეთ. დალაგებისას გამოიყენეთ სარეცხი საშუალებები ( ფხვნილები, სოდა ), რომლებიც კარგად აცილებს პარაზიტის კვერცხებს.

  • ხალიჩები გაწმინდეთ მტვერსასრუტით ან დაბერტყეთ.

  • რბილი სათამაშოები 2 - 3 საათით გაიტანეთ ყინვაში ან თაკარა მზეზე.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა