მოირჩინეთ თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზია უმარტივესი მცენარეული ნაყენით!

მოირჩინეთ თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზია უმარტივესი მცენარეული ნაყენით!
მაინტერესებს მცენარეებით მკურნალობა და ხშირად ვიყენებ მათ. სწორედ მცენარეული ნაყენით მოვირჩინე თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზია, რომელიც წლების განმავლობაში მტანჯავდა. მაწუხებდა წვა, ტკივილი. დავიწყე მატიტელას ნაყენის სმა. ძალიან მალე ვიგრძენი უკეთესობა - ტკივილები დამიცხრა, საჭმლის მონელებაც მომიწესრიგდა. ამას გარდა, მაწუხებდა წნევა და ნაყენის სმის დროს ისიც ნორმაში ჩამიდგა.
ბალახი თავადაც შეგიძლიათ მოაგროვოთ, იგი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში უხვად იზრდება და აფთიაქშიც იყიდება.

ნაყენი ასე მზადდება:
1 ს/კ მშრალი, დაქუცმაცებული ბალახი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 15 - 20 წუთით გააჩერეთ მდუღარე წყლის ორთქლზე, მერე გადმოდგით, შეაგრილეთ, გაწურეთ და სვით თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამის წინ.
თუ ამ ნაყენის მიღებას დაიწყებთ, ნახავთ, რომ სულ უბრალო საშუალებით შეგიძლიათ სხეული გაიჯანსაღოთ - თითქოს საერთო მდგომარეობა გამიუმჯობესდა, გამაახალგაზრდავა, ყველაფერზე მომიხდა.

ექიმის კომენტარი:
ხალხური მედიცინა მატიტელას კარგად იცნობს. სანკურნალოდ იყენებენ ბალახს ფესვიანად. მას ყვავილობის დროს აგროვებენ და ჩრდილში ახმობენ.
მატიტელა მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით: C ვიტამინით, გლუკოზით, მთრიმლავი ნივთიერებით. გინეკოლოგიაში იყენებენ სისხლდენის შესაჩერებლად.
ხალხურ მედიცინაში მატიტელას ხმარობენ როგორც შემკვრელ, შარდმდენ, მადის მომგვრელ საშუალებას, იყენებენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სიმსივნის დროს.
ექსპერიმენტული მონაცემების თანახმად, მატიტელას ნაყენი ამცირებს სისხლის წნევას, რაც ალბათ, იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ ამ მცენარეს შარდმდენი და თირკმლის ქსოვილის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი