საოჯახო ხალხური რეცეპტები გაუხეშებული ხელების მოსავლელად.

საოჯახო ხალხური რეცეპტები გაუხეშებული ხელების მოსავლელად.
ჩვენ ყველანი დიასახლისები ვართ და გვინდა თუ არა, ხელის კანი განუწყვეტლივ კონტაქტშია წყალთან, სარეცხ საშუალებებთან, ქლორთან და ა.შ. მათი მოქმედების შედეგად კანი შრება, უხეშდება და იქერცლება. ამიტომ საჭიროა ხელის კანის დაცვა მავნე ზემოქმედებისაგან და მისი კვება. ოჯახში საქმიანობისას გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები, ეს ერთგვარად უხერხული და არასასიამოვნოა, მაგრამ თუ რეგულარულად გამოიყნებთ და ხმარებისას მკვებავ კრემს შეიზელთ, კანსაც დაიცავთ და გაიკეთებთ შესანიშნავ მკვებავ ნიღაბსაც თქვენი ხელის კანისათვის. თუ ხელთათმანებს ვერ შეეჩვიეთ, შეგიძლიათ იხმაროთ დამცავი კრემები.

  • მავნე ფაქტორების ხანგრძლივი ზემოქმედებისას თუ ხელის კანი გაგიუხეშდათ, რამდენიმე წუთით ხელები ძმრისა და ცივი წყლის სუსტ ნაზავში ჩაყავით, შემდეგ გაიმშრალეთ და ცხიმიანი კრემი შეიზილეთ.

  • გაუხეშებულ ხელის კანს კარგად არბილებს თბილი ზეთი. ზეთი წაისვით 5 წუთით, მერე კი ქაღალდის ხელსახოცით ან ჩვრით კარგად შეიმშრალეთ.

  • თუ გსურთ, ხელები თეთრი და რბილი გქონდეთ, ყოველ საღამოს გაიკეთეთ მასაჟი გლიცერინისა და სახამებლის თანაბარი რაოდენობის ნარევით.

  • ხელის კანის დასარბილებლად აიღეთ 20 გრ გლიცერინი, 40 გრ წყალი, 5 გრ ლიმონის წვენი, ერთმანეთს შეურიეთ, წაისვით ხელებზე და კარგად შეიზილეთ.

  • თუ ხელები წითელი გაქვთ, ჯერ შეამოწმეთ არტერიული წნევა. სასურველია ყოველდღიური ხელის აბაზანები ოდნავ მარილიანი წყლით. შემდეგ წაისვით ლიმონის კრემი ან სხვა, რომელიც მდიდარია A ვიტამინით.

  • ხელებზე ქლორის სუნს მოიცილებთ, თუ ძმარში დასველებულ ხელსახოცს წაისვამთ.

  • თუ ხელები დახეთქილი გაქვთ , დაიბანეთ ყავის ნალექით, ხელის კანი, ნაზი და ელასტიკური გახდება.

  • ხელებისთვის უებარია შემდეგი კრემი: ერთი სუფრის კოვზ გულყვითელას, გვირილას, ორკბილასა და მრავალძარღვას დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, გააჩერეთ 5 - 7 საათს, შემდეგ გაწურეთ, დაადნეთ 50 გრ კარაქი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 50 გრ ბალახის ნაყენი და ისევ აურიეთ. მიღებული კრემი ხელებზე წაისვით. კანი ელასტიკური და რბილი გახდება.

სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი