ეს ნაყენი ბრონქიტის და გაცივების საუკეთესო მკურნალია!

ეს ნაყენი ბრონქიტის და გაცივების საუკეთესო მკურნალია!
სოფელში ჩვენს ბაღში მრავლადაა ღვიის ბუჩქები. აზრადაც არასოდეს მომსვლია, რომ მისი გამოყენება შემეძლო. შევნიშნე, რომ ერთი ქალბატონი საგულდაგულოდ აგროვებდა ღვიის ნაყოფს. ვკითხე - რად გინდა- მეთქი. ღვია ბრონქიტის და გაცივების საუკეთესო მკურნალიაო, - მიპასუხა. ნაყოფი ნაძვის და ფიჭვის გირჩებს წააგავს, მოლურჯო ფერისაა და შიგნით რბილობი აქვს. მისგან მზადდება ჩაი, რომელიც ბრონქიტის დროს არბილებს ხველას და ნახველის ამოღებას აადვილებს. მე ქრონიკული ბრონქიტი მაქვს და ეს ნაყენი ძალიან დამეხმარა. ბავშვები კი გაცივებისას უწამლოდ მოვარჩინე.

ჩაი ასე მზადდება:
1 ჩ/კ ღვიის კენკრას დაასხით 0,5 ლ წყალი და ადუღეთ 20 წუთი. შემდეგ დადგით ნახევარი საათი. შეგრილდება თუ არა, გადაწურეთ. ნახარში მომწაროა, კარგი იქნება, თუ თაფლით დაატკბობთ. უნდა მიიღოთ 1 ჭიქა დღეში 4 მიღებაზე. 2 - 3 დღეში ბრონქიტის ნიშნები ქრება. ბავშვებს ყელის ტკივილის დროს ნახარშს ყელშიც ვავლებ.
ღვიის ნაყოფი უნდა მოაგროვოთ შემოდგომაზე და გამოაშროთ. მისი გამოყენება ზამთრის განმავლობაში და გაზაფხულზეც შეგიძლიათ.

ექიმის კომენტარი:
ღვიის ნახარში შარდმდენია და აძლიერებს თირკმლის მილაკების ფილტრაციას. ღვიის პრეპარატები ასევე აძლიერებს ნაღვლის წარმოქმნას და გამოყოფას, კუჭის წვენის სეკრეციას, ნაწლავების პერისტალტიკას, აქვს ბაქტერიოციდული ეფექტი. ღვიაში შემავალი ეთერზეთი აძლიერებს ბრონქების ჯირკვლების სეკრეციას, ათხელებს ბრონქულ სეკრეტს და აადვილებს მის გამოყოფას. ღვიის პრეპარატებს ნიშნავენ თირკმლის უკმარისობით და სისხლის მიმოქცევის დარღვევით გამოწვეული შეშუპეპების დროს. ასევე იყენებენ ქრონიკული ცისტიტისა და პიელიტის, თირკმელკენჭოვანი დაავადების დროსაც.
ღვიის პრეპარატები შედეგიანია სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების ( ტრაქეიტის, ლარინგიტის, ბრონქიტების ) დროს. მას ნიშნავენ გასტროენტერიტების, ნაღვლის შეგუბებით გამოწვეული ჰეპატოპათიების დროს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი