სხვადასხვა დაავადებების პროპოლისით ( დინდგელი ) მკურნალობის რეკომენდაციები

სხვადასხვა დაავადებების პროპოლისით ( დინდგელი ) მკურნალობის რეკომენდაციები
პროპოლისი ( დინდგელი ). პროპოლისი ( სკის წებო ) მუშა ფუტკრების მიერ გამომუშავებული ფისოვანი ნივთიერებაა, აქვს ძალიან სასიამოვნო არომატი, მომწარო გემო და ძლიერი წებოვნება. გათბობისას სწრაფად რბილდება, გაციების დროს კი გარდაიქმნება მუქი ფერის მასად. დინდგელი მთლიანად იხსნება ჩვეულებრივ 70 გრადუსიან ეთილის სპირტში, ნიშადურის სპირტში, ძმრის მჟავაში და სხვა. წყალში არ იხსნება. პროპოლისის შემადგენლობაში 50 - ზე მეტი ნივთიერება შედის. მასში მინერალური ელემენტებიც უხვად არის. კერძოდ მიუთითებენ რკინის, სპილენძის, მარგანეცის, თუთიის, კობალტისა და სხვათა არსებობაზე.
პროპოლისის შენახვა რეკომენდებულია ბნელ, ცივ ადგილზე. სწორი შენახვის პირობებში ის თავის აქტიურ თვისებებს 10 წლის განმავლობაში ინარჩუნებს.

ჩაზელილი პროპოლისის მალამო მზადდება შემდეგნაირად:
ნატურალურ დინდგელს ათავისუფლებენ მინარევებისაგან და სრესენ ფაიფურის როდინში. მომინანქრებულ ჭურჭელში დებენ ვაზელინს. აცხელებენ 45 გრადუსამდე და უმატებენ გახეხილ პროპოლისს, ურევენ 8 - 10 წთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ფილტრავენ ორმაგ დოლბანდში ცხელ მდგომარეობაში. ვაზელინის მაგივრად შეიძლება გამოვიყენოთ ლანოლინი.

პროპოლისის ზეთი მიიღება შემდეგი მეთოდით:
1 კგ ძროხის უმარილო კარაქს ადნობენ მომინანქრებულ ჭურჭელში, აცხელებენ 80 გრადუსამდე და მერე უმატებენ მექანიკური მინარევებისაგან წინასწარ გასუფთავებულ და გასრესილ 140 გრ პროპოლისს. ნარევში ურევენ ლითონის კოვზს მანამ, სანამ ზეთი ჯერ კიდევ თბილია, ფილტრავენ დოლბანდში ან ლითონის საცერში, ასხამენ ქილებში, კარგად ხუფავენ და ინახავენ ბნელ, ცივ და მშრალ ადგილას.
გაცივებისას ჭურჭლის ფსკერზე ილექება დინდგელის ნაწილაკები, რომლებმაც ფილტრში გააღწია. ისინი უვნებელია და შეიძლება გამოვიყენოთ.

პროპოლისის სპირტიანი ( 20 - 30 % ) ხსნარი ასე მზადდება:
100 გრ წვრილად გახეხილ დინგელს ყრიან შუშის ბოთლში და თანდათან უმატებენ 500 მლ 96 გრადუსიან სპირტს, ანჯღრევენ 30 წთ-ის განმავლობაში. შუშაზე აკრავენ ეტიკეტს დამზადების თარიღით და ინახავენ ბნელ ადგილას, დროდადრო ნარევი უნდა შეინჯღრეს. ფსკერზე გაჩნდება ნალექი. 2 - 5 დღის შემდეგ ნარევი უნდა გაიფილტროს დოლბანდით. ამგვარად მომზადებული, სწორად შენახული ხსნარი წლობით არ ფუჭდება. სპირტიან ხსნარს იღებენ შინაგანად, წყალსპირტიანი ან რძესპირტიანი ემულსიის სახით ( ნახევარი ჭიქა თბილ რძეში ან თბილ წყალში 20 - 40 წვეთი ) 3 -ჯერ დღეში, ჭამამდე 60 - 90 წთ-ით ადრე.

სხვადასხვა დაავადებების პროპოლისით მკურნალობის რეკომენდაციები
პროპოლისით მკურნალობის დროს ამ დაავადებებისას რეკომენდებულია დიეტური კვება.
კუჭის წყლულოვანი დაავადება
  • მივიღოთ შინაგანად პროპოლისის 10 % -იანი სპირტოვანი ხსნარი 15-20 წვეთი წყალზე, ანადუღარ რძეზე 3-ჯერ დღეში 1 - 1,5 სთ-ით ადრე ჭამამდე 18 - 20 დღის განმავლობაში. 1 -2 კვირის შემდეგ მკურნალობის კურსი გავიმეოროთ.
  • ეს საშუალება გამოყენებულია ბულგარეთში. მივიღოთ პროპოლისის 20 %-იანი სპირტოვანი ხსნარი 8 - 10 წვეთი წყალთან ერთად 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 2 თვე.
  • ავტრიაში იყენებენ პროპოლისის 5 %-იან სპირტოვან ექსტრაქტს - 5 წვეთს წყალზე 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. იღებენ 10 %-იან პროპოლისის ზეთს თითო ჩ/კ -ით შემთბარ რძეზე 3-ჯერ დღეში 1 - 1,5 სთ-ით ადრე ჭამამდე 2 -3 კვირა. ერთი კვირის შემდეგ მკურნალობის კურსს იმეორებენ.

შენიშვნა: პროპოლისის ზეთი უკუჩვენებითია ღვიძლის დაავადებისას. აუცილებელია დოზირების მკაცრი დაცვა; დიდ დოზებს შეუძლიათ მადის შემცირების გამოწვევა, ზოგადი ტონუსის დაქვეითება, მოდუნება , ლეიკოციტების გაზრდა სისხლში.

ქრონიკული ქოლეცისტიტი, კოლიტი
მივიღოთ პროპოლისის 30 %-იანი სპირტოვანი ხსნარი - 40 წვეთი 3-ჯერ დღეში 1 სთ-ით ადრე ჭამამდე. მკურნალობის კურსი - 30 დღე.
ფილტვების ტუბერკულოზი
მივიღოთ 15 %-იანი პროპოლისის ზეთი თითო ს/კ-ით 3-ჯერ დღეში თბილ რძესთან 1-2 თვის განმავლობაში.

ზედა სასუნთქი გზების დაავადებები:
  • მიიღება შინაგანად პროპოლისის 20 - 30 %-იანი სპირტის ხსნარი 20 - 20 წვეთი 1 ჭიქა თბილ წყალზე 3-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამამდე 2 თვის განმავლობაში. რეკომენდებულია ბრონქული ასთმის დროს.
  • ანგინის დროს სასარგებლოა პროპოლისის წყლის ან სპირტიანი ხსნარის ყელში გამოვლება.
  • სურდოს დროს ფაიფურის როდინში გავგლისოთ 20 გრ გახეხილი პროპოლისი 40 გრ ნაღების კარაქში, დავუმატოთ 40 მლ მზესუმზირის ზეთი. ეს ყოველივე კარგად ავურიოთ. ნარევი გამოვიყენოთ ტამპონის დახმარებით - ცხვირის ნესტოებში მოვათავსოთ 2-ჯერ დღეში დილა-საღამოს 10 - 15 წთ.

სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური