ჭრილობების და წყლულების სამკურნალო 2 არაჩვეულებრივი რეცეპტი.

ჭრილობების და წყლულების სამკურნალო 2 არაჩვეულებრივი რეცეპტი.
ხშირად უბრალო ჭრილობა ისე გაურთულდება ხოლმე ადამიანს, რომ ბევრ მძიმე დაავადებაზე მეტად აწუხებს. თანაც მოუვლელმა ჭრილობამ ბევრი თავსატეხი შეიძლება გაუჩინოს ადამიანს. ამიტომ სჯობს, დროულად მივხედოთ კანის უმნიშვნელო დაზიანებასაც კი. შემოგთავაზებთ 2 რეცეპტს:

  1. ალოეს ფოთლის ნაწილი გაკვეთეთ ორად და ერთი ნახევარი შიდა, რბილი მხრიდან დაიდეთ ჭრილობაზე ან წყლულზე. 6 საათის შემდეგ ჭრილობა პირს შეიკრავს.

  2. მოიბანეთ ჭრილობა და დაიდეთ სპირტისა და ჭინჭრის ფოთლების ნაყენის კომპრესი. ნაყენი ასე მზადდება: ბოთლი გაავსეთ ჭინჭრის ნორჩი ფოთლებით, დაასხით სპირტი და დადგით მზეზე. ორი კვირის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. აღნიშნული წამლები ბევრჯერ გამოვცადე საკუთარ თავზეც და ახლობლებზეც. ასე რომ, შეგიძლიათ თქვენც გამოიყენოთ საჭიროების დროს.

ექიმის კომენტარი:
ალოე ცნობილია, როგორც მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტის მქონე სამკურნალო მცენარე. მის პრეპარატებს აქვს ანთებსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ჭრილობის შემახორცებელი მოქმედება. გარდა ამისა, იგი ასტიმულიერებს ორგანიზმის იმუნორეაქტიულ თვისებებს. ალოეს წვენმა ფართო გამოყენება პოვა ხალხურ და ტრადიციულ მედიცინაში კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადებათა სამკურნალოდ. მას იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობების, დამწვრობის და ტროფიკული წყლულების დროს.
რაც შეეხება მეორე რეცეპტს, მისი ძირითადი კომპონენტი - ჭინჭარიც საკმაოდ ცნობილი სამკურნალო მცენარეა, რომელიც ხასიათდება ანთებ - საწინააღმდეგო თვისებებით. აგრეთვე, ზრდის ეპითელიუმის რეგენერაციის ( აღდგენის ) უნარს. სპირტი კი ანტისეპტიკური საშუალებაა, თუმცა ღია ჭრილობაზე მისი ხანგრძლივი ზემოქმედება ქსოვილთა გაღიზიანებას გამოიწვევს, ამიტომ აღნიშნული ნაყენი ჭრილობის მხოლოდ მწვავე ფაზაში იქნება ეფექტიანი.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი