სკრაბები შინაურ პირობებში: გამოყენება და სასარგებლო თვისებები

სკრაბები შინაურ პირობებში: გამოყენება და სასარგებლო თვისებები
სკრაბი - მარტივი და ამავდროულად ძალიან ეფექტური კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც წმინდავს, კვებავს და აღადგენს კანს აბრაზიული ნაწილაკების წყალობით. რა არის აბრაზიული ნივთიერებები? მაგალითად, მარილი, შაქარი, ხილის დაფქული კურკა, სილიკონის გრანულები, ცელულოზა და სხვა. ამასთან, სკრაბის გამოყენებისას კანი მასაჟის ეფექტს იღებს.

სკრაბის ამოცანაა კანის მომზადება და გაწმენდა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მისი ხშირი გამოყენება კანის გაღიზიანებას და სიწითლეს იწვევს.
თავის მოვლისთვის აუცილებელი არ არის სალონის ძვირად ღირებული პროცედურები ჩაიტაროთ. ამის გაკეთება შინაურ პირობებშიც არის შესაძლებელი უმარტივესი პროდუქტების გამოყენებით, რომლებიც ნებისმიერ სამზარეულოში მოიპოვება: შაქარი, მარილი, ზეითუნის ზეთი, შვრია, ნატურალური დაფქული ყავა, არაჟანი.

ტანის სკრაბი
განსაკუთრებით კარგი კომპონენტი გახლავთ ყავა. საჭიროა მოურიოთ ყავის ნალექი, ნახევარი ჭიქა არაჟანი და 2 კოვზი ზეითუნის ზეთი. უნდა გამოვიდეს სქელი მასა, ოდნავ მშრალი კონსისტენცია. სველ კანზე წაისვით სკრაბი და მასაჟის მოძრაობებით შეიზილეთ.

სახის კანის სკრაბი
სასარგებლოა ცხიმიანი კანისთვის. დაფხვენით კუპრის საპონი და დაასხით მინერალური წყალი ისე, რომ საპონი დაფაროს. შემდეგ დაამატეთ ყავის ნალექი. კანი ასეთი პროცედურის შემდეგ კარგად გაიწმინდება და დარბილდება. შემდეგ აუცილებლად წაისვით შესაბამისი საცხი.
  • მშრალი კანისთვის გამოდგება კარგად დაქუცმაცებული შვრიისა და არაჟნის ნარევი.
  • ნორმალური კანისთვის კი - დაშაქრული თაფლი + 1 ჩ.კ. დაქუცმაცებული ნუში და ცოტაოდენი რძე.

ფეხის სკრაბი
შეურიეთ ზღვის მარილი, აბაზანის გელი და მცენარეული ზეთი. წაისვით მასა ფეხებზე, მასაჟის მოძრაობებით შეიზილეთ, შემდეგ დაიბანეთ. შემდეგ წაისვით თბილი ზეთი და ჩაიცვით თბილი წინდა.

ხელის სკრაბი
შეურიეთ დაშაქრული თაფლი, თითო ჩ.კ. ლიმონის წვენი და მცენარეული ზეთი. უნდა გამოვიდეს სქელი კონსისტენცია. წაისვით სკრაბი სველ ხელებზე და ნაზად შეიზილეთ. პროცედურის შემდეგ წაისვით ხელებზე ცხიმიანი საცხი.