მხოლოდ ფაქტები - ერიდეთ სპირტის შემცველ კანის მოვლის საშუალებებს!

ინტერნეტსივრცეში მრავლადაა არასწორი ინფორმაცია სპირტის შემცველი კანის მოვლის საშუალებების შესახებ, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ბევრს ადამიანს ამგვარი პროდუქტები კანისთვის საზიანოდ არ მიაჩნია. თუმცა გამოკვლევები (და თანაც არა ერთი, არამედ უამრავი) ცხადყოფს, რომ კანის მოვლის ნებისმიერი პროდუქტი, რომლის ძირითადი ინგრედიენტი სპირტია, პრობლემებს იწვევს. ამიტომ, კანის მოვლის საშუალებების შეძენისას, კარგად დააკვირდით მის შემცველობას, ჩვენი მხრივ კი ვეცდებით, ერთმანეთს შევუწონოთ სპირტის ზემოქმედების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პირველ რიგში, განვმარტოთ, რა სახის სპირტს უნდა ერიდოთ.

„ცუდი“ და „კარგი“ სახეობის სპირტი კოსმეტიკურ ფორმულებში

როდესაც ვსაუბრობთ სპირტის მავნებლობაზე კანის მოვლის თუ კოსმეტიკურ საშუალებებში, ვგულისხმობთ სპირტის სწრაფადაორთქლებად სახეობებს, რომლებიც ინგრედიენტების ჩამონათვალში შემდეგი სახით შეგხვდებათ: SD Alcohol, denatured alcohol, ან შედარებით იშვიათად, isopropyl alcohol. სპირტის ეს სახეობები მომენტალურად ორთქლდება, მათი შემცველი საშუალებები კი ერთი შეხედვით ასევე მომენტალურ შედეგს იძლევა: სწრაფად გაიწოვება, კანს ცხიმისგან ათავისუფლებს, საკმაოდ მსუბუქია კანზე, ამიტომ მიმზიდველად გამოიყურება მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ცხიმიანი კანი აქვს.
თუმცა ეს მომენტალური ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში მეტად უარყოფით შედეგებს იწვევს.

თუკი კანის მოვლის საშუალების ეტიკეტზე ინგრედიენტების ჩამონათვალში ამ სამი ტიპის სპირტს პირველ ექვს ინგრედიენტს შორის აღმოაჩენთ, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს პროდუქტი კანს დაგიზიანებთ. ვერაფერს ვიზამთ - ეს ინგრედიენტები უბრალოდ მავნებელია ნებისმიერი ტიპის კანისთვის და მორჩა! უარყოფითი შედეგები მოიცავს კანის სიმშრალეს, კანის ზედაპირის ეროზიას, მისი თვითაღმდგენი ფუნქციების შენელება-დაქვეითებას. სპირტი უბრალოდ ასუსტებს კანის ყველა თვისებას.

აქვე განვმარტავთ, რომ არსებობს სპირტის სახეობები, რომლებიც აბსოლუტურად არ აღიზიანებს კანს და პირიქით, სასარგებლო შედეგებიც მოაქვს. ეს გახლავთ ე.წ. ცხიმოვანი რიგის სპირტიანი ნივთიერებები, რომლებიც პროდუქტის ეტიკეტზე შემდეგი სახით შეგხვდებათ: cetyl, stearyl და cetearyl alcohol. სამივე მათგანი კარგი ინგრედიანტია მშრალი კანის მოვლისათვის, ხოლო მცირე რაოდენობით მოხმარებისას ნებისმიერ ტიპის კანისთვის სასარგებლოა, რადგან სასიამოვნო ტექსტურას უზრუნველყოფს და ასევე ხელს უწყობს სხვა ინგრედიენტების სტაბილურ შენარჩუნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ ამ ორი სახის სპირტის ერთმანეთისგან გარჩევა.

ალბათ აგრეთვე გსმენიათ, რომ სპირტი იმიტომ არის კარგი ინგრედიენტი, რომ ხელს უწყობს სხვა ინგრედიენტების (მაგ. რეტინოლი, ც ვიტამინი) უკეთესად გაწოვას კანში. მიუხედავად იმისა, რომ სპირტი მართლაც აიოლებს ინგრეგიენტების შეწოვას, ეს სხვა, მეტად საზიანო ფაქტორის ხარჯზე ხდება: სპირტი ანადგურებს კანის ზედაპირს და სწორედ იმ ნივთიერებებს, რომლებიც თქვენი კანის გრძლევადიან სიჯანსაღეს უზრუნველყოფს. ამიტომ ამ მიზნისთვის გამოიყენეთ სხვა, ნაკლებად მავნე საშუალება, რომელიც არ დააზიანებს კანის გარე შრეს, რადგან ეს უკანასკნელი გაცილებით მეტ პრობლემას მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს.

როგორ აზიანებს სპირტი კანს და აუარესებს გამონაყარს
თუკი ცხიმიანი კანი გაქვთ, თქვენთვის მაცდუნებელი იქნება სპირტის შემცველი საშუალებების გამოყენება, რადგან კანი მყისიერად ხდება გლუვი, ცხიმის პრიალა ფენა კი უჩინარდება. მთელი ირონია კი ის არის, რომ თუკი ცხიმიანი კანის გაკონტროლებას ამგვარი პროდუქტებით შეეცდებით, შედეგად მიიღებთ მუწუკებს და გაფართოებულ ფორებს, ამგვარად სპირტი მხოლოდ მოკლევადიან, ცრუ შედეგს იძლევა, სინამდვილეში კი ცხიმიანი კანით გამოიწვეულ პრობლემებს გააუარესებს.

დასკვნა:
გამოკვლევა ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს შემდეგს: სპირტი აზიანებს თქვენი კანის დამცავ ზედაპირს, ანადგურებს ჯანსაღი კანისთვის აუცილებელ ძირითად ნივთიერებებს და აუარესებს ცხიმიან კანის მდგომარეობას. მარტივად რომ ვთქვათ, დაბერებას უწყობს ხელს. ამიტომ მოერიდეთ სპირტის მავნე სახეობების შემცველი პროდუქტების შეძენას, მით უმეტეს, რომ დღესდღეობით ასობით ალტერნატიული საშუალება არსებობს.