სახის კრემი და დამატენიანებელი - სილამაზის ბალზამი!

სახის კრემი და დამატენიანებელი - სილამაზის ბალზამი!
სახის კანის ეს ბალზამი მოდუნებული და დაღლილი იერის მქონე კანის გამოსაცოცხლებლად და გასამდიდრებლად გამოიყენება. მასში შემავალი ზეთები და შიის კარაქი კანს სითხის დაკარგვისგან იცავს და უნარჩუნებს მოქნილობას, სირბილეს. ამ ბალზამს შეუძლია კანის გაწმენდა, აქერცვლა და გამდიდრება. ის შეიცავს არგანის ზეთს, რომელიც კანისა და თმის მაროკოული სამკურნალო საშუალებაა. მასში შედის ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ვარდის თესლის ზეთიც, რომელიც კანს აღადგენს და აუმჯობესებს მის შეფერილობას. FPAPARAZZI-ს რედაქციის მიერ მომზადებული ეს რეცეპტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ტიპის კანისთვის, ის ასევე გათვლილია მრავალჯერადი გამოყენებისთვისაც.

ინგრედიენტები:
  • ვარდის თესლის ზეთი (ის შეიცავს ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს, ამცირებს ნაწიბურებს კანზე)
  • ფუტკრის ცვილი (ის კანზე დამცავ ფენას წარმოქმნის)
  • კვიპაროსის ეთერზეთი (კვიპაროსის ეთერზეთს მისი მარადმწვანე წიწვებისგან ხდიან, რომელსაც ცოცხალი სურნელი გამოარჩევს)
  • საკმეველის ეთერზეთი (საკმევლის ეთერზეთი მატონიზირებელი და გამაახალგაზრდავებელი თვისებების წყალობით საუკეთესოა კანის ტონუსის აღსადგენად, ხანდაზმული კანისა და ნაოჭების მოსავლელად.)
  • ბერგამოტის ეთერზეთი (ის გამოირჩევა კანის სამკურნალო თვისებებით, მოტკბო სურნელით.)
  • შიის კაკლის კარაქი (ის დამატენიანებელი, კანის დამცავი დადამარბილებელი საშუალებაა.)
  • არგანის ეთერზეთი (ის მდიდარია E ვიტამინითა და ცხიმოვანი მჟავებით)

სილამაზის ბალზამის 100 გრამის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 2 ს/კ არგანის ზეთი
  • 2 ს/კ ვარდის თესლის ზეთი
  • 2 ს/კ შიის კაკლის კარაქი
  • 1 ს/კ თაფლის ცვილი
  • 5 წვეთი კვიპაროსის ეთერზეთი
  • 5 წვეთი საკმეველის ეთერზეთი
  • 5 წვეთი ბერგამოტის ეთერზეთი


მომზადების წესი:

  1. ორთქლის აბაზანაზე ერთდროულად გააცხელეთ ზეთები, კარაქი და ცვილი. ცვილის გადნობის შემდეგ ქვაბი გამოდგით ცეცხლიდან.
  2. მიღებულ ნაზავს დაუმატეთ ეთერზეთები, კარგად მოურიეთ და გადაასხით სტერილურ ქილაში, ადროვეთ გასაგრილებლად 1-2 საათი.
  3. შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ მდგომარეობაში გრილ, ბნელ ადგილას. შენახვის ვადა - 3 თვე.

გამოყენების წესი:

  1. მიღებული ბალზამი წრიული მოძრაობებით უნდა შეიზილოთ კანში.
  2. თუ მას იყენებთ დამცავი-დამატეიანებელი საშუალებას სახით, დაიტოვეთ კანზე.
  3. თუ ბალზამს გამწმენდ საშუალებად იყენებთ, მისი მოწმენდა ნოტიო მარლით ან ფლანელის ქსოვილით უნდა მოხდეს. ეს მოგაშორებთ კანის მკვდარ უჯრედებს.

სტატიის წყარო:BEAUTY BOOK